თამარ ჩუგოშვილი : მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკაშია, ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, ეს უნდა დასრულდეს

ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მუქარის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოში ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ აგრესია არ არის სწორი.

„საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია. კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ამ ქვეყანაში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს აგრესია და ამას გაემიჯნოს.

„არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. ვფიქრობ, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარა აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის განსაკუთრებით მაღალი. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია. ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა, ისინი დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან
შემდეგი სტატიამსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ოპერაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს