თამარ ჩუგოშვილი : დღეს მართლა უჭირთ უზენაეს სასამართლოში, რადგან დიდი რაოდენობით საქმეს იხილავს ძალიან ცოტა მოსამართლე

დღეს მართლა უჭირთ უზენაეს სასამართლოში, რადგან დიდი რაოდენობით საქმეს იხილავს ძალიან ცოტა მოსამართლე და არც კი ვიცი, ასეთი ცოტა მოსამართლე ჰყავდა თუ არა უზენაეს სასამართლოს ოდესმე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მოსაზრებები.

„დღეს ვიკრიბებით, რომ გადავწყვიტოთ რის გათვალისწინებას ვაპირებთ და რის – არა. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მათ შორის, მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო გამოცდის მოხსნა, რადგან ძალიან აფართოებს იმ ადამიანების წრეს, ვისაც მარტივად შეეძლება რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად, თუკი ამბიცია აქვთ, რომ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაშინ არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. ასევე საუბარი გვექნება იმ მოსაზრებაზე, რომ ვინაიდან ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური მდგომარეობა, როდესაც ერთდროულად ამდენი მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით არის გამოწვეული რომ იმდენი ვაკანსიის ათვისება მოხდეს, რამდენიც აუცილებელია სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიების ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს, ამ აზრზეც გვექნება მსჯელობა. შეხვედრის შემდეგ დავაზუსტებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ სხვა დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია დაახლოებით იდენტური იქნებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზე.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადედაქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო