თამარ ჩუგოშვილი – ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან მაქვს განცდა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წავა სწორად

ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან რა განცდაც მაქვს, არის ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წავა სწორად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ასე აფასებს პარტია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი.

„ამ განცხადებაში ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო პროცესთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არის, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქნება ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რაც ამ მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომ მიიღოს. ამ განცხადებაშიც აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ამ პროცესს პარლამენტმა სათანადო გულისხმიერება უნდა დაუთმოს.

ამ განცხადებიდან რა განცდაც მაქვს, პროცესი წავა სწორად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი. მოლოდინი მაქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ წარმოდგენილ სიას პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნება.

„ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის. მე არ მგონია, რომ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ და უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, სანამ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს”,- აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში გარდაცვლილ 22 წლის გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდეს
შემდეგი სტატიაკურორტ თეთნულდის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა, დაშავებულია უცხოელი ტურისტი