თამარ ჩხეიძე: დღეს ზურაბ ჭავჭავაძეს დაბადების დღეა

“დღეს ზურაბ ჭავჭავაძეს დაბადების დღეა, ქართულ პოლიტიკაში და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში იგი იყო სრულიად განსაკუთრებული და დიდად მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელსაც ამ სფეროში არსებული ყველაზე დეფიციტური თვისებები ახასიათებდა – ინტელექტი, ვაჟკაცობა, ადამიანობა, სახელმწიფოებრივ-ეროვნული აზროვნება, პრინციპულობა. სწორედ პოლიტიკური პროცესების უკუღმა ტრიალს უწევდა ის წინააღმდეგობას და ცდილობდა ეროვნული მოძრაობა და ზოგადად ქართული პოლიტიკა გონიერებას, საღ აზრს, ადამიანის ღირსების პატივისცემას დაყრდნობოდა. მან რამდენჯერმე შეძლო დაგეგმილი რუსული პროვოკაციის ჩაშლა ცხინვალში ( მაგალითად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების და ადამონ-ნიხასის ერთობლივი განცხადება, რომლითაც განიმუხტა აფეთქებასაშიში სიტუაცია). მისი მოღვაწეობა მეტად მრავალმხრივი იყო, მაგრამ განსაკუთრერბული ყურადღება მის საქმიანობაში ეკავა აფხაზეთს. მას სწორედ ის პოზიცია ეკავა ამ საკითხში,რასაც უნდა ეყრდნობოდეს ჭეშმარიტი ქართული და არა გარედან შეკვეთილი პოლიტიკა: ესაა რუსეთის ანტიქართული გეგმების ჩაშლა ერთის მხრივ აფხაზებთან ეროვნულ და კულტურულ ინტერესების გარშემო თანამშრომლობის და მეორეს მხრივ აფხაზეთის მოსახლეობის მკვიდრი უმრავლესობის ქართველების და ზოგადად აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის მტკიცე დაცვა.

ასეთი საღი, ინტელექტუალური და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოზიცია სხვადასხვა საკითხში ბუნებრივია, სრულიად არ ჯდებოდა საქართველოს წინააღმდეგ არსებული გეგმის ავტორთა ინტერესში, რომელთაც ფსევდორადიკალიზმი (მაგალითად აპრილის აქციის სისხლისღვრით და არა კონკრეტული მოთხოვნების შესრულებით დასრულება) უფრო აწყობდათ. ამიტომაც წარმოებდა ჯერ კიდევ ზურაბ ჭავჭავაძის სიცოცხლეში მის წინააღმდეგ ბინძური ცილისმწამებლური კამპანია. სწორედ ქვეყნის ბედის ნორმალურ რელსებზე გადართვისთვის უთანასწორო ბრძოლას შეეწირა იგი მერაბ კოსტავასთან ერთად.

მართალია, საქართველომ მოიპოვა იურიდიული დამოუკიდებლობა, რაც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ დღესაც პოლიტიკური პროცესების უკუღმა დინება მუდმივად რჩება ჩვენს პრობლემად, რისი მოგვარებაც მხოლოდ ზურაბ ჭავჭავაძის მსგავს ღირსეულ ადამიანთა სიმრავლეს შეუძლია”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული ონლაინსესხით მკურნალობს
შემდეგი სტატიაკომპანია “ნილის” დამფუძნებელი, რომელმაც საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერში გაიმარჯვა, ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორია