TDI – სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, მიტროპოლიტი ანტონის მხრიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტეზე თავდასხმას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

“TDI მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის.

გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგორში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს