სუს-ში ზუგდიდის ყოფილი მერის და მისი მოადგილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

როგორც მერის მოადგილის ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამატებით გამოიკითხოს. “ბრალდებულს შევხვდი, გავუწიე დამატებითი კონსულტაცია. ამ ეტაპზე ხორციელდება ბრალის წარდგენა. შესაძლოა დამატებით გამოიკითხოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. გადმოგვეცემა საქმის მასალები და გვექნება სრულყოფილი პასუხი დაცვის პოზიციაზე”, – აღნიშნა გვიშიანმა.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. “ის ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს”, – განაცხადა გვიშიანმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 1-ელ ნოემბერს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით).

banner
წინა სტატიაშილარი არის გამყარებული, მხოლოდ დოლართან მიმართებაში კურსით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის ეკონომიკაზე – ფინანსთა მინისტრი
შემდეგი სტატიამე შეწყალება არ მჭირდება…„ქართული ოცნების” მარცხი გარდაუვალია – ვანო მერაბიშვილი