სუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის ნათესავია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ლაშა გობაძე ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია.
ორივე მათგანი ბათუმში ცხოვრობდა. ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარიდან არიან.
ლაშა გობაძის თანასოფლელის განცხადებით, სოფელში მცხოვრებლებისთვის ისინი ცნობილი იყვნენ როგორ რადიკალური ისლამის მიმდევრები.

“პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში ვხედავდი მათ, განსხვავებულად ლოცულობდნენ და ყველას ყურადღებას ამით იქცევდნენ. გრძელ წვერს ატარებდნენ. ჩვენს სოფელში ასეთი ხალხი კიდევ ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივებს არც არაფერს უშავებენ და არც ემუქრებიან. ეს ბიჭებიც ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ”, – აცხადებს სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირის მირიან ბერიძის ბიძა თამაზ ბერიძე კი აცხადებს, რომ მისი დისშვილი სამი დღის წინ, გურიის სოფელ ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში“NATO-მ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”
შემდეგი სტატია„50-მდე კაცი შემოვარდა, ერთ ოთახში მოგვამწყვდიეს“- რას ყვებიან ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მირიან ბერიძის ახლობლები