სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული ვითარება ადამიანის ღირსების შემლახავია

რა ხდება სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში – სახალხო დამცველის ბოლო განცხადების თანახმად, იქ არსებული ვითარება ადამიანის ღირსების შემლახავია. საავადმყოფოში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არათერაპიული გარემო და პაციენტების გაუსაძლისი ყოფაა.

იმის გამო, რომ სასადილო ოთახის ფართი პატარაა, საავადმყოფოს პაციენტები ცალ-ცალკე იკვებებიან – ჯერ კაცები საუზმობენ, შემდეგ კი ქალები. ოთახის კარი არ იკეტება, შენობაში კი სიცივეა.

საავადმყოფოში სრულფასოვანი სარემონტო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ერთ ოთახში კი 7-8 პაციენტია განთავსებული. რკინის საწოლები, ფერშეცვლილი ლეიბები და ჩამონგრეული კედლები, ზოგან ჩავარდნილი იატაკი – პაციენტები ყოველდღიურობას ამ რეალობაში ატარებენ.

პრობლემაა საპირფარეშოშიც, სადაც მუდმივად ცივი წყალი მოდის, ხელსახოცი და ქაღალდი კი არაა. პაციენტებს კვირაში ერთხელ აბანავებენ. დაწესებულების ხელმძღვანელმა ვახტანგ ამირანაშვილმა სააბაზანოში “იმედის კვირას” გადაღების საშუალება არ მისცა, თუმცა ჟურნალისტებმა ფოტოების გადაღება მობილური ტელეფონით შეძლეს. თავად ამირანაშვილი აცხადებს, რომ საავადმყოფოში ჰიგიენური ნორმები დაცულია, ამის დასადასტურებლად კი ამბობს, რომ ხშირად თავად ბანს კლინიკის ქალ პაციენტებს – აბანოში მიჰყავს და მათ ჰიგიენურ პროცედურებსაც კი უტარებს.

“ყველამ იცის, არის ბევრი პაციენტი ქალთა განყოფილებაში, რომელსაც ჩემი ხელით ვბან. მაგათ მე ვუყურებ როგორც პაციენტებს. არ მეზიზღებიან.ჩემი ხელით დამიბანია ავადმყოფი – ქალებიც და კაცებიც. მეთვითონ ხალათი ჩამიცმევია, დამიბანია, ბოდიში და გამიპარსავს კიდეც”, – ამბობს საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

რამდენიმე დღის წინ, სურამის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.

წყარო: “იმედი”

 

https://youtu.be/_w_F95powsA

banner
წინა სტატიაში ბერლინში თურქების მეჩეთი დაწვეს
შემდეგი სტატიაარდა თურანის ქორწინება, ერდოღანი და გადადებული ქორწილი