სუბსიდირების პროგრამა სრულდება- გაძვირდება თუ არა პური

  მიმდინარე წლის I ივლისიდან ხორბლის ფქვილის ფასის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა მთავრდება, რომლის არგაგრძელების შემთხვევაშიც, პურის ფასი, შესაძლოა, 20-25 თეთრით გაიზარდოს.

“სუბსიდირების პროგრამა გულისხმობს პურზე ფასის შეკავების მექანიზმს, ფქვილის სუბსიდირების მექანიზმის სახით. სუბსიდირების დაწყების შემდეგ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე სერიოზულად გაიზარდა, მათ შორის, რეგიონალურად, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარზე, შესაბამისად, საჭირო გახდა სუბსიდირების გაკეთება მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, გამოკითხვების შედეგად, მოსახლეობა ამბობდა, რომ პურზე ფასი არ უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მექანიზმი შემოეღო.

ფქვილში სუბსიდირებით იმიტომ, რომ პირდაპირ პურში სუბსიდირება იწვევდა, დაახლოებით, 2 500 წამოებისთვის გარკვეული სუბსიდირების მიცემას, რაც რაოდენობრივად საკმაოდ დიდია, პურის მწარმოებლებთან შედარებით წისქვილ-კომბინატების სიმცირისგან გამომდინარე, აღსრულების და კონტროლის მექანიზმის მხრივ, შესაძლებელი იყო, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო სუბსიდირება.

სექტემბერში ხორბლის ფასი იყო $200, დეკემბერში კი – $280, რაც საკმაოდ მაღალი ზრდა იყო და შესაბამისად, ფქვილის ფასი გაიზარდა 53 ლარიდან 68 ლარამდე. პირველი სუბსიდირება განხორციელდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, იყო 10 ლარიანი სუბსიდირება, თუმცა, რადგან ფასმა მოიმატა, სუბსიდირება გახდა 15 ლარი, ახლა კი არის 20 ლარი”, ამბობს ლევან სილაგავა, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გაგრძელდება თუ არა სუბსიდირების პროგრამა თვის ბოლმდე გახდება ცნობილი, რაც, გარკვეულწილად, დამოკიდბული იქნება რუსეთში ხორბლის ახალი მოსავლის ფასზე.

“რაც შეეხება პურს, აქ არის ფქვილი, ენერგომატარებლები, საფუარი, მარილი, წყალი და ა.შ. ხორბალი განსაზღვრას მეტწილად, თუმცა პურის მწარმოებლებს ეს კომპენენტებიც გაძვირებული აქვთ ლარის კურსიდან გამომდინარე. იმპორტირებულია ზეთი, მარილი, საფუარი და ა.შ. შესაბამისად, ფქვილთან ერთად, მათ ამ კომპონენტებზე ფასის ზრდასთანაც უწევთ გამკლავება. მომავალ კვირაში ან ამ კვირის ბოლოს იქნება შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც განისაზღვრება, გაგრძელდება სუბსიდირება თუ თავისუფალი ბაზრის პრინციპით გაგრძელდება მუშაობა. თუ სუბსიდირება გაგრძელდება, ეს იქნება 20 ლარზე ნაკლები, სადღაც 7 ლარის ფარგლებში.

დღეს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზები მოდის მსოფლიო ბაზრებიდან, 68 ლარიდან ფასი უკვე შემცირებულია და არის 60 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, იმ სამიზნე ფასამდე, რომელიც პურის მწარმოებლების მიერ არის დაანონსებული, ანუ 53 ლარამდე, დარჩენილია 7 ლარი, თუმცა ზუსტად არ ვიცით, 1 თვეში, როდესაც ხორბლის ახალი მოსავალი იქნება, დაიკლებს თუ არა ფასი, წინასწარ პროგნოზირება რთულია, – ამბობს სილაგავა.

 

banner
წინა სტატიაშიპუტინ-ბაიდენის შეხვედრა, სავარაუდოდ, 4-5 საათს გასტანს
შემდეგი სტატიააცრის დროსაც შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება: იმნაძის განმარტება