პუტინ-ბაიდენის შეხვედრა, სავარაუდოდ, 4-5 საათს გასტანს

ლა-გრანჟზე მიმდინარე პუტინ-ბაიდენის მოლაპარაკებებში, რომელიც რამდენიმე წუთია დაიწყო, მონაწილეობას იღებენ, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ეს პრეზიდენტების რანგში ბაიდენისა და პუტინის პირველი შეხვედრაა. ელოდებიან, რომ შეხვედრა, რომელიც ზუსტად დათქმულ დროს დაიწყო, დაახლოებით 4-5 საათი გასტანს. ერთობლივი პრეს-კონფერენცია არ შედგება, თუმცა პრეზიდენტები დამოუკიდებელ პრეს-კონფერენციებს ჩაატარებენ.

ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება.

„აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში მრავალი საკითხი დაგროვდა, რომელიც საჭიროებს უმაღლესი დონის შეხვედრას და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.

13 აპრილს, ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს თვეებში შეხვედრა შესთავაზა. ამერიკის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების მობილიზებისა და ანექსირებული ყირიმის გამო. ბაიდენმა აუცილებელ საჭიროებად ჩათვალა პუტინთან პირისპირ შეხვედრა და ყველა იმ სპექტრის განხილვა, რასაც აშშ და რუსეთი ეჯახებიან – ასე გაავრცელა მაშინ თეთრმა სახლმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია გახელაძეებს შეხვდა: “გვერდში უნდა დავუდგეთ”
შემდეგი სტატიასუბსიდირების პროგრამა სრულდება- გაძვირდება თუ არა პური