სუბარი – არ მგონია ეს სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებს „სირცხვილია“, „ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად, ჩვენ მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ

არ მგონია ეს სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებს „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი და შესაბამისად, ჩვენ მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ხვალ, პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებებმა აჩვენა, რომ მას ან არასწორი ინფორმაცია აქვს, ან არასწორად აკეთებს ანალიზს.

„საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გრძელდება 30 წლის განმავლობაში ყველა გამოკითხვის შედეგად და ამას არ სჭირდება დადასტურება რაღაც აქციებით. შეჯიბრი ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს – ეს არ მგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც კი აჩენს და შეიძლება შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ამიტომ, არ მგონია ეს სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებს „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი და შესაბამისად, ჩვენ მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რაც შეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს – გუშინდელი ბრიფინგიდან გამოჩნდა, რომ მას ან არასწორი ინფორმაცია აქვს, ან არასწორად აკეთებს ანალიზს და არც კი ცდილობს გადაამოწმოს სად არის ჭეშმარიტება. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რომ ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საპარლამენტო გუნდთთან, მაშინ უფრო მეტად იქნებოდა ინფორმირებული და ერთად უკეთ შეგვიძლია საქართველოს ევროპული მომავლისთვის პოზიტიური ნაბიჯები გადავდგათ.

ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არის მკაფიო და ნაჩქარევი აქციებით ამას დამატებითი დადასტურება არ სჭირდება. როცა აქციას აწყობ მას სჭირდება უფრო მეტი დრო, რესურსი, მობილიზება, თუნდაც იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს და გარე მაყურებლისთვის შთაბეჭდილებაც იყოს ისეთი, როგორიც არის ხალხის რეალური განწყობა – ხვალინდელი და 20 ივნისის აქციები ამ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის და ბუნებრივია, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას – ეს არის გუნდის პოზიცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოცვის პლანტაცია ოზურგეთში 2ჰა- ზე გაშენდა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – საქართველო მიწვეულია ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე, ეს არის სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება