“სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 65 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება”

უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ამ მიმართულებით 65 მილიონ დოლაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კანადური და სლოვაკური ინვესტიციებით განხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალურად სპორტისა და ხალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა,

„2017 წელს ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს რაგბში და ასევე ევროპის ჩემპიონატს 19 წლამდე ფრენბურთში და შესაბამისად გვაქვს ვალდებულება ინფრასტრუქტურის მოწყობის. უმნიშვნელოვანესია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ ჩვენ მაღალ დონეზე გავუძღვეთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონებში სპორტული ტურიზმის განვითარებას, რადგან ძალიან დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოთხი წლის მანძილზე სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიებების მიმართულებით სახელმწიფოსგან ნახევარმილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა ქართული სპორტის განვითარებისთვის და შესაბამისი შედეგიც აქვს, რომ საქართველო ფაქტობრივად რეგიონალური ცენტრი გახდა”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მოსახლეობას ხელს შეუწყობს სპორტულ ცხოვრებაში.

„ერთადერთი საკითხი რაზეც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, რომ იქნება მოვძებნოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა ერთის მხრივ ეს სერვისები მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მეორეს მხრივ იყოს ჯანსაღი ბიზნესი. მოდელი, რომელზეც იმართება ინფრასტრუქტურა, ვინაიდან სახელმწიფო არ უნდა გახდეს კონკურენტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის და უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ფართო მასებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიო დარწმუნებული არ არის იმაში, რომ ოლიმპიადის დაცვას შეძლებს ტერორისტებისაგან
შემდეგი სტატიათურქეთის ხელისუფლებამ 130-მდე მედიასაშუალება დახურა