სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი ბინის მეპატრონე – სანამ არ გადაწყდება, რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის იმ სადარბაზოს მცხოვრები, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, აცხადებს, რომ საკუთარი ბინის დაზიანებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არავის მიუწოდებია.

როგორც დაზარალებულმა მაია სულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ სადარბაზოში მერვე სართულზე ცხოვრობს. თუმცა სულავას განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია რა ვითარებაა ამჟამად სადარბაზოში და დაზიანებულია თუ არა უშუალოდ მისი საცხოვრებელი ბინა.

„ჯერჯერობით ვერ შევდივართ ჩვენ საცხოვრებელ სახლებში, ამიტომ აქ გადმოგვიყვანეს და დაგვაბინავეს. სანამ არ გადაწყდება, არ გვეცოდინება რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით. მე მერვე სართულზე ვცხოვრობდი ამ სადარბაზოში, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია რა არის ჩემ ბინაში დაზიანებული. გარედან ვიცით მხოლოდ რა ხდება. ვიზუალურად გარედან ჩემს ბინას არ ეტყობა, რომ დაზიანებულია, შიგნით რა ხდება სადარბაზოში, სართულებს შორის რა მდგომარეობაა, არ ვიცით. არც ის ვიცით, როდის გვექნება ზუსტი პასუხი, როდის დაგვაბინავებენ, როდის დავბრუნდებით იქ საცხოვრებლად“, – აცხადებს სულავა.

მისივე ინფორმაციით, მისი ოჯახი კორპუსიდან ღამის 3 საათზე გაიყვანეს, ისევე როგორც სადარბაზოს სხვა მცხოვრებლები.

„ჩვენ, სანამ დაიწყებოდა ღონისძიება, მანამდე გამოგვიყვანეს ბავშვებთან ერთად ღამის 3 საათზე. მთელი სადარბაზოს ევაკუაცია წინა ღამით მოხდა“, – აცხადებს სულავა.

banner
წინა სტატიაში,,პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს”
შემდეგი სტატიამცხეთაში სპეცოპერაცია ტარდება