სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში რეორგანიზაციის შედეგად მედპერსონალს ხელფასები გაეზარდა

2019 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც დღეს დასრულდა. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში მოსმენისას განაცხადა, რეორგანიზაციის მიზანი იყო პატიმრებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და შტატების ოპტიმიზაციის გზით პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალისთვის ხელფასების გაზრდა, რამაც, თავის მხრივ, პენიტენციურ სამსახურს კვალიფიციური კადრების შენარჩუნების/მოზიდვის საშუალება უნდა მისცეს.

რეორგანიზაციის შედეგად, ყველა პენიტენციური დაწესებულების, მათ შორის N 18 და N19 სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს თანამდებობრივი სარგო გაეზარდა. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თითოეული ექთანი (სულ 153 ექთანი) ხელფასის სახით მიიღებს 1260 ლარს 900 ლარის ნაცვლად, ექიმის ხელფასი გახდა 1600-2000 ლარი, ნაცვლად 1300-1500 ლარისა, აგრეთვე დაემატა ექიმი-ფსიქიატრის 5 ახალი პოზიცია (ხელფასი 2500 ლარი), რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და ძირითადად N18 სამკურნალო დაწესებულებას უნდა მოემსახუროს. უფროსი ექიმის ხელფასი გახდა 2000 ლარი, ნაცვლად 1800 ლარისა, დაწესებულების სამედიცინო პუნქტის უფროსის ხელფასი კი გახდა 3500 ლარი ნაცვლად მანამდე არსებული სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის 2500-3300 ლარისა. ამასთან, შეიქმნა მთავარი ექიმის 5 ახალი პოზიცია (ხელფასი 4000 ლარი), რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და კონკურსის გზით შეივსება. მოცემულ ახალ პოზიციაზე მომუშავე მთავარი ექიმი რეგიონული უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი და კურატორობას გაუწევს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვას და იზრუნებს განვითარებაზე. სარგოს მატება შეეხოთ აგრეთვე პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს (სანიტრები, დიასახლისები), რომელთა ხელფასიც იყო 700-770 ლარი და გახდა 900 ლარი.

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის დაწყების პროცესის შესახებ, 2019 წლის 8 ნოემბერს ყველა თანამშრომელს ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

სამედიცინო დეპარტამენტში სამედიცინო პერსონალის დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, განისაზღვრა შემდეგი საშუალებები: ზოგადი უნარების ტესტირება; პროფესიული ტესტირება; გასაუბრება.

პროფესიული ტესტირება მოიცავდა სამედიცინო პერსონალის საქმიანობის მარეგულირებელ როგორც ძირითად სამართლებრივ აქტებს, ასევე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი რანგის ექსპერტთან თანამშრომლობით, შემუშავდა 7 ტიპის პროფესიული ტესტი შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით: თერაპია, სტომატოლოგია, საექთნო საქმე, ლაბორატორიული საქმე, ინფექციის კონტროლი და დაავადებათა ეპიდემიოლოგია, ზოგადი და კერძო ფარმაკოლოგია, ასევე სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ტესტირების ეტაპი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2019 წლის 13 ნოემბერს დაიწყო და 4 დეკემბერს დასრულდა.

ტესტირების შედეგად, ზოგადი უნარების ტესტირება 451 თანამშრომლიდან 447-მა გაიარა; სამედიცინო პროფილის შესაბამისი პროფესიული ტესტირება 439 თანამშრომლიდან – 435-მა; 4 თანამშრომელი კი ტესტირებაზე არ გამოცხადდა.

გასაუბრების ეტაპი დაიწყო 24 თებერვალს და დასრულდა 13 მარტს. გასაუბრებაზე დაბარებული იყო ყველა თანამშრომელი, რომელმაც ტესტირების ეტაპი გაიარა. რეორგანიზაციის შედეგად სამედიცინო დეპარტამენტში დარჩა 323 საშტატო ერთეული 507-დან, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების ვადად 1 მაისი განისაზღვრა. 507 შტატიდან, რეორგანიზაციამდე, ვაკანტური იყო 129 შტატი, რომელთა დიდი ნაწილიც (71) ასევე გაუქმდა.

banner
წინა სტატიაშიბოლო მონაცემებით, დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 18 033 მოქალაქეს, ხოლო 8 954 სამშობლოში დაბრუნდა
შემდეგი სტატიამარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა