სოზარ სუბარი : ბათუმის მოვლენებში „ნაცმოძრაობის“ აქტივობა საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, თუმცა სამართლებრივ ბრალდებამდე საქმე არ მიდის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის შეფასებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა „საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, თუმცა სისხლის სამართლებრივ ბრალდებამდე ამ ეტაპზე საქმე არ მიდის“.

„როცა ლაპარაკია ბრალდებებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არც ერთი ასეთი კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა. თუ ვლაპარაკობთ ზოგად სურათზე, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც არჩევნების წინ პირდაპირ მოუწოდებდა არეულობისკენ, ძალადობისკენ, გვახსოვს სატელეფონო ჩანაწერებიც, საჯარო გამოსვლებიც… ეს ყველაფერი ჯდება მათ ხელწერაში. ისიც კარგად უნდა გავიხსენოთ, იქ ვინ ლიდერები მონაწილეობდნენ, ვინ გეგმავდა მხარდამჭერ აქციებს თბილისში, ქუთაისში თუ სხვაგან. ეს ყველაფერი საკმარისია პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, საკმარისია პოლიტიკური სახის გამოსავლენად, ვის აწყობდა ეს არეულობა, თუმცა სისხლის სამართლებრივ ბრალდებებამდე ამ ეტაპზე არ მიდის საქმე. ამას გამოაჩენს გამოძიება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბათუმში რაც მოხდა იყო ვანდალიზმი, კანონის ძალიან სერიოზული დარღვევა, საკუთრების განადგურება და თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

„გამოძიება შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად: ერთი არის ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლებიც ჩადენილი იქნა კონკრეტული პირების მიერ და რომლებიც ადმინისტრაციულად აგებენ პასუხს. ამის პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ყველას, ვინც ჩაიდინა კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტები, კონკრეტული თავდასხხმები, კონკრეტული ძალადობა, ვინც იყო ამის ორგანიზატორი თუ წამქეზებელი. ყველა იქნება დადგენილი და ყველა შესაბამისად აგებს პასუხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას იმიტომ, რომ ერთია ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც შეიძლება ძალიან ჩქარა დადგეს დღის წესრიგში, მეორეა გამოძიება, რომელსაც სჭირდება ვადა, მტკიცებულებების შეგროვება და იქ გამოვლინდება სრული სურათი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია – გამოვლინდა აბსოლუტურად დასავლური სტანდარტი პოლიციის მუშაობისა, რასაც აქამდე შეჩვეული არ ვიყავით, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც უსასტიკესი ძალადობა იყო მოქალაქეების მიმართ. გავიხსენებ 26 მაისის შემთხვევას, როდესაც ალყაში მოაქციეს მომიტინგეები, არ მისცეს გაქცევის საშუალება არც ერთ ადამიანს. გააკეთეს ის, რაც არ უქნია საბჭოთა კავშირსაც კი 9 აპრილს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ხვალ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიამოსკოვი ეგვიპტეში სპეცრაზმის განთავსების შესახებ ინფორმაციას უარყოფს