სკანდალი გრძელდება: ფაროსანასთან ბრძოლის მესვეურებს სუს-ი ფეხებზე კიდიათ?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი გასულ წელს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სწავლობს, ანუ მიმდინარეობს ინფორმაციების შეგროვება და თუ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, საქმეც აღიძვრება.
რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი ითქმის ბატონი გიორგი ლილუაშვილისა და ანტიკორუფციული სამსახურის მიმართ.

მაგრამ…
ყოველთვის ეს „მაგრამ“ უშლის საქმეს ხელს. დავიჯერო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებათ „საქმეში“ მყოფ პირებს? დიახ, ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ მიმდინარე წელს ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 50 მილიონი ლარი იმდენად მსუყე ლუკმად ეჩვენებათ, რომ მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. როგორც აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, „კბილები უკაწკაწებთ“.
და…
იმის გათვალისწინებით, რომ აკადემიკოსებმა პაატა კოღუაშვილმა და არჩილ ჭირაქაძემ ანტიკორუფციულ სამსახურს კონკრეტული მასალები მიაწოდეს, ხოლო მე აშკარა კორუფციული ნიშნების შემცველი ფაქტობრივი მასალებიც გადავეცი, რომლის ერთ ნაწილზე ტელეკომპანია იბერიაში და გაზეთ „ქრონიკა+“-ში აღვნიშნე, არ განვმეორდები და მით უფრო, ახალ ფაქტებზე გარკვეული დროის განმავლობაში ვრცლად არ დავიწყებ საუბარს. ცხადზე უცხადესია, რომ ეს 50 მილიონი ვაიჩინოვნიკებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის იმდენად მადისაღმძვრელია, რომ ვერანაირად ერევიან საკუთარ ვნებებს.
ახლა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ: გასული წლის დეკემბრის მეორე დეკადაში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს ცალკეულ ფაქტებსა და ახალი შესაწამლი ნივთიერების შეძენის საქმეში არსებულ მავნებლობაზე ვესაუბრე. რამდენადაც ვიცი, ფაქტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს აცნობეს. გაითვალისწინეთ _ ეს ის პერიოდია, როდესაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება და მე პარალელურად თავს ვიკავებ საჯარო განცხადებებისგან, რათა უკუღმართად ტვინმოწყობილმა ჩინოსნებმა თუ „პიარშიკებმა“ ეს თემა პოლიტიკას არ დაუკავშირონ.
რამდენიმე დღეში პასუხს ვიღებ, რომ ბიფენტრინ შემცველი პრეპარატის შესაძენად სურსათის ეროვნული სააგენტოს შესყიდვების სამსახურის „ბაზრის კვლევა“, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ კომპანიას დაეგზავნა (ამ კომპანიებს, ფაქტობრივად, ერთი დამფუძნებელი ჰყავთ) და სადაც საუბარია, რომ „გამარჯვებულს“ მყისიერად მისცემენ სახსრებს (გასათვალისწინებელია, რომ არაუგვიანეს 2017 წლის 22 დეკემბრისა, მიმწოდებლებს წარმოსადგენი ექნებათ სახელშეკრულებო ღირებულების 100%-იანი წინასწარი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო დაწესებულების საბანკო გარანტია, რათა მიმდინარე წელს მოხერხდეს შესაბამისი სახსრების მიმწოდებელთა ანგარიშებზე ასახვა. ამონარიდი წერილიდან, _ ავტ), ჩაიშალა.
აღნიშნულმა პერსონამ მადლობაც კი გადამიხადა სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის. რამდენიმე დღეში ვიგებ, რომ 17 დეკემბერს დასრულებული ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, 19 დეკემბერს შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა და მას თანხაც გადაერიცხა.
აღნიშნულს ადასტურებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროს გერონტი ფრუიძის 19 დეკემბრის წერილი _ ხელშეკრულება გაფორმდა შპს „აგრონომთან“ „ინსაკარის“ მიწოდებაზე ერთეულის ღირებულებებით: 5-ლიტრიან დაფასოებაში _ 31.07 ლარი; 1-ლიტრიან დაფასოებაში _ 31.56 ლარი. იმის შესახებ, რომ „ინსაკარის“ თაობაზე არავის არაფერი სმენია და მწარმოებელი ინდური კომპანია მონაცემებს არ ასაჯაროებს, „ქრონიკა+“-ში ვწერდი.
ახლა ასე დავსვათ საკითხი, _ რადგან მე ეჭვი არ მეპარება იმ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, რომელმაც ინფორმაცია მომაწოდა, რომ შესყიდვის პროცესი ჩაიშალა, რა მოხდა რეალურად?
იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საკითხში ჩახედულმა პირებმა მომაწოდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისმა მრჩეველმა დავით კირვალიძემ (სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი) დაარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და აბა, მე რა ყურადღების ღირსი უნდა ვყოფილიყავი? პროცესი სწორედ იმ სქემის მიხედვით გაგრძელდა, რომელიც, ჯერ კიდევ, შევარდნაძის პერიოდიდან მუდმივ კორუფციულ გარიგებებში მყოფი კირვალიძის მოფიქრებულ-შედგენილია (კირვალიძის კლანზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებ).
ზემოთ მოტანილი „მაგრამ“ დიახაც რომ სკეპტიციზმია ჩემი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, სუს-ს ახლა თვალის ასახვევად რომ ამუშავებენ და მერე ათქმევინებენ, „საქმეში“ დანაშაულის ნიშნები არ არისო. ამ ვარაუდის უფლებას მაძლევს მიმდინარე წლის ავანტიურა, რომელიც განახორციელა შპს „მექანიზატორმა“, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა და შემსყიდველმა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ამაში თვალნათლივ დარწმუნდნენ შესყიდვების სააგენტოს საიტზე (განცხადების ნომერი GEO180000032, GEO180000031, GEO180000030, GEO180000029).
დიახ, საქმეს სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური, შპს „მექნიზატორს“ კი პროცესი ფეხებზე კიდია.
მხოლოდ ერთი მაგალითი: 2018 წლის 18 მარტს შპს „მექანიზატორი“ ელექტრონულ შესყიდვას აცხადებს 35 ცალ შესასხურებელ დანადგარზე. 14 თებერვალს იკრიბება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი (ოქმი 4), რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რომ რადგან პირველ ადგილზე გასულმა კომპანია „G-შEღVIშE“-მ, „რატომღაც“ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები, გამარჯვებულია მეორე ადგილზე გასული კომპანია „ნობლექსი“, რომელსაც, ჯერ კიდევ, 12 თებერვალს დაევალა მომწოდებელი კომპანიისგან პროფორმა ინვოსის წარდგენა. 13 თებერვალს შესყიდვების სააგენტოს საიტზე აიტვირთა პროფორმა ინვოსი. თითქოს კანონი ყველაფერში დაცულია, მაგრამ ეს ინვოსი მომწოდებლის მიერ გამოწერილია 2018 წლის 16 იანვარს. ზოგადად, თითქოს, ესეც არაფერი, მაგრამ ეს როგორ მოხდა, რომ „ნობლექსმა“ შესყიდვის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მოახერხა ინვოსის მიღება? როდის დაიწყო მოლაპარაკებები მიმწოდებელთან? რა თქმა უნდა, 18 იანვრამდე ბევრად ადრე, ანუ რა იცოდა „ნობლექსმა“ წინასწარ შპს „მექანიზატორის“ _ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ზრახვების შესახებ?
კიდევ უფრო ჩახლართულია საკითხი „პიკაპების“ თემაზე. როგორ აპირებს „პიკაპებზე“ დამონტაჟებული შესასხურებელი დანადგარით სიმინდის ყანების, თხილის პლანტაციებისა თუ სხვა ნარგავების შეწამვლას? გარე პერიმეტრზე ივლიან მანქანები? და ივლიან კი? ისე, ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციით შეწამვლა შუაგულიდან უნდა დაიწყოს.
ცალკე თემაა „ჩართულობა“, საინფორმაციო ცენტრების შექმნა და ამისთვის ხარჯების გაწევა იმ პირობებში, როდესაც გვყავს რეგიონული განვითარების სამინისტრო, სამხარეო ადმინისტრაციები და თვითმმართველობები, სადაც დასაქმებულთა უმეტესობამ დღემდე არ იცის საკუთარი უფლება-მოვალეობები. რატომ არ ვიყენებთ ამ რესურსს და რატომ ვხარჯავთ დამატებით სახსრებს? აქტივის დასასაქმებლად?
კითხვები უამრავია, მაგრამ სკეპტიციზმის მიუხედავად, მაინც დავაცადოთ ანტიკორუფციულ სამსახურს, რომლის საქმიანობა აშკარაა, რომ დიდად არ ანაღვლებს სახელმწიფო უწყებების დერეფნებში „ფაროსანის დირექტორად“ მონათლულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დავით კირვალიძეს. და ისე, რატომ არ უნდა გაჩნდეს კითხვა, _ ადარდებს კი ეს საკითხი არა საჯარო განცხადებებით, არამედ შინაგანად და პოლიტიკურადაც პრემიერ-მინისტრს?

***
ადამიანებს, მით უფრო, თანამდებობის პირებს, ახასიათებთ მოჩვენებითი ამნეზია, სიყრუე, სიბრმავე და სხვა მრავალი უგვანობა, რომელიც, ერთი შეხედვით, „შეძენილი სენია“, თუმცა თუ მეცნიერულ და, გნებავთ, მორალურ და ზნეობრივ კატეგორიაში განვიხილავთ, ნამდვილად თანდაყოლი ავადობაა, ანუ ამ პერსონების ბუნებრივი მდომარეობაა. მერე? რაც ჩვენ თანამდებობებს ჩამოცილებული „პირები“ გვინახავს… მთავარია, რომ ეს ლომგულები შემდეგ კრავები ხდებიან და საკუთარ, იმჟამინდელ ქცევებს ათასი სისულელით ამართლებენ.
თუმცა ეს ფილოსოფიური „განსჯა“ გვერდზე გადავდოთ და საქმეზე ვთქვათ. ამ ვითარებაში ცხადია, რომ სახელმწიფოს არავინ არ მართავს და ყველაფერი ინერციით მიდის, ქვეყნას კი ძარცვავენ და ხრავენ თავდაჯერებული და თავხედი ჩინოვნიკები.
ახლა კი საჯაროდ მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრ ბატონ ლევან დავითაშვილს, სუს-ის უფროსის მოადგილე ბატონ გიორგი ლილუაშვილს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ ოთარ დანელიას და საქართველს პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს
არა იმისთვის, რომ რომელიმე თქვენგანს ჭკუა ვასწავლო, დავარიგო ან მივუთითო, მოგმართავთ იმიტომ, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, სწორედ თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე.
მე მზად ვარ, თქვენთან ერთად წამოვიდე სამეგრელოში და გაჩვენოთ ცალკეული ტერიტორები, ყანები, პლანტაციები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ფერმერები მეტ-ნაკლები წარმატებით გაუმკლავდნენ ფაროსანას და გაჩვენოთ ის ტერიტორიები, სადაც სახელმწიფო მონაწილეობდა და შედეგები ადგილზე შევადაროთ.
აქვე ერთ კითხვას დავსვამ: თუ ასე წარმატებული იყო შარშანდელი „ზონდერი“, რატომ აირჩიეთ წელს „ინსაკარი“, რომლის სპეციფიკაზე ამ დრომდე არაფერს ეუბნებით მოსახლეობას და სპეციალისტებს?
რატომ აყენებთ რისკის ქვეშ ქართველი გლეხის ნაშრომს და რატომ ვერ ათვითცნობიერებთ, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობა გვაქვს?
განა, თქვენ ის ადამიანები არ ხართ, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ლამის, საკუთარი კორესპონდენტები იყავით თითქმის ყველა მედიასაშუალებისთვის და გვემუდარებოდით, არაფერი გამოგვრჩენოდა?
კი ბატონო, მესმის პოლიტიკაც, იქნებ, ზოგიერთზე მეტადაც და ისიც მესმის, რომ „გუნდიდან“, „ოჯახიდან“ ყველაფრის გარეთ გატანა არ შეიძლება, მაგრამ „შიგნით“ რატომ დუმხართ და რატომ არ იბრძვით? მაჟორიტარებო, განა, თქვენ არ მოგიწევთ ერთი ერთზე დარჩენა საკუთარ ამომრჩეველთან?
შეცდომების აღიარება ძლიერ ადამიანებსა და ძლიერ ხელისუფლებებს შეუძლიათ. ნუ ხართ მუდამ საკუთარი გადაწყვეტილებების გამართლების რეჟიმში და სხვებს, ვინც მიგითითებთ, მტრებად ნუ ნათლავთ. მით უფრო, იქ, სადაც მტერი არაა. ან სად გინახავთ შეუნიღბავი მტერი _ საჯაროდ რომ გაკრიტიკებდეთ, მიგითითებდეთ, სტკიოდეს და ა.შ.? მტერს უხარია, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ და კისერს მოიტეხ. ამ ლოგიკით თქვენ უფრო მტრობთ საკუთარ თავს და შედეგად _ ქვეყანასაც, როდესაც, თუნდაც, დღეს აძლევთ ცალკეულ ჩინოვნიკებს თავხედობის უფლებას.
ნუთუ, მართლა ვერ ხედავთ ამ პროცესში სახელმწიფო ინტიტუტების საქმიანობაში სისუსტეს, არაპროფესიონალიზმს, მოხელეთა უნიათობას, უინიციატივობას?
ბევრი კითხვის დასმა შეიძლება. ისიც გასაგებია, რომ ვინც აკეთებს, ის უშვებს შეცდომებს, მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ, დღეს შეცდომების დაშვების დრო არ არის. დღეს არც შიშის დროა, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი ვერ შეძლებს დაგეგმილი რაოდენობის თანხის მოპარვას.
იცით, რა არ მსურს? ის, რომ თქვენგანაც არ მოვისმინო: „ბოდიში“, „არ ვიცოდი“, „ვამბობდი, მაგრამ არ მისმენდნენ“, „მე რა მექნა?“ „მე რიგითი დეპუტატი ვიყავი“ და ა. შ. ეს ფრაზები არ მიიღება! და არც ის, როცა ცალკეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან თემაში ჩართვას და თქვენ, კიდევ, მათ პოლიტიკურ ანგაჟირებულობას დააბრალებთ, პრობლემაზე კი თვალს დახუჭავთ.
მეც მოგმართავთ არა იმიტომ, რომ რამით გჯობივართ, არამედ იმიტომ, რომ მეც თქვენნაირად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ლეგიტიმური უფლება მაქვს, გამოგაფხიზლოთ, მიგითითოთ და უკეთესი შედეგისთვის ვითანამშრომლო თქვენთან სრულიად უანგაროდ. თუმცა ამ უკანასკნელს, ალბათ, ზოგიერთი ძნელად გაიგებთ. ნუ გავიწყდებთ, რომ სწორედ ამისთვის ხართ დაქირავებული და ამისთვის გიქმნით კომფორტს და განიჭებთ პრივილეგიებს.
სამწუხაროდ, თანამდებობრივი ავადობა: „მე ყველაფერი ვიცი“, „მე მართალი ვარ“, საქართველოში პიკზეა. პიკზეა პროფესიონალური უვიცობაც. გინახავთ ოდესმე იდიოტი თანამდებობის პირი საქართველოში? ან დაუმსახურებლად თანამდებობაზე მჯდარი? _ არაო! _ იტყვით ხმამღლა, მაგრამ გულში მიპასუხებთ რამდენიც გინდათო. ჰოდა, მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხს, მეტწილად, მავნებლები განაგებენ და გამოფხიზლდით!

“ქრონიკა+”
გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიხალხს ფაროსანა აფორიაქებს, ჩინოვნიკებს კი ამდიდრებს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს