SJC მამალაძეზე: გაითვალისწინეს თეთრუაშვილის თანხმობა შეღავათების გამოყენებაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა.

ამ პროცესში, ისევე, როგორც პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხზე მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას SJC უწევდა.

ორგანიზაცია წერს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

ასევე, ამბობენ, რომ საბჭომ გაითვალისწინა, როგორც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა შეღავათების გამოყენებაზე.

“საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე”, – წერს ორგანიზაცია.

გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდში იგი პენიტენციურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

“მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის პირობებში ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულის მიუხედავად, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც, სასამართლოებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ბაიდენი არის ძლიერი პოლიტიკოსი
შემდეგი სტატიამეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება (video)