სისხლიანი გარჩევებისა და ვენდეტას წახალისება იქნება, თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ ვიღაც იმიტომ არ ისჯება, რომ პროკურატურაში გავლენიანი ახლობელი ჰყავს

ხელისუფლების მხრიდან სისხლიანი გარჩევებისა და ვენდეტას პირდაპირი წახალისებაა, თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ ვიღაც იმის გამო არ ისჯება, რომ პროკურატურაში გავლენიანი ახლობელი ჰყავს, – ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება.

“თქვენი ვერსიით, იმ შავბნელ წარსულში მართლაც ისე რომ ყოფილიყო, რომ ყველა დაეჭირათ, მათ შორის მუსიკის მასწავლებელი, აქედან თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ?! თქვენი ვერსიით იმ ცუდი წარსულიდან გამოსავალი არის უკან იმ დროში დაბრუნება, როცა თუ ახალგაზრდებს შორის ასეთი სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს თანადებობის პირი, მას ხელი უნდა დააფარონ და არ უნდა დაისაჯონ?! ეს არის თქვენი დასკვნა?! თქვენი შეფასებით, ცუდი წარსულით ამართლებთ იმას, რომ თუკი სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი და სხვები წავიდნენ ციხეში?! ეს არის თქვენი წინგადადგმული ნაბიჯი? ერთი წამი მაინც ხომ შეიძლება, რომ ეს პოლიტიკური კონკურენცია თუ სიძულვილი გვერდით გადადოთ“, – მიმართა გიგა ბოკერიამ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

ბოკერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ დადგინდა ახალი ფაქტები. კერძოდ დადგინდა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები მ.კ.-სთვის ბრალის წარსადგენად, მკვლელობაში თანამონაწილეობაზე.

“სწორედ კომისიამ დაადგინა, როგორ გააფუჭეს ეს საქმე და როგორ გააყალბეს მტკიცებულებები. დაადგინა კონკრეტული პირები, ვინ მიმართაც გამოძიება უნდა დაიწყოს – ეს პირები არიან ირაკლი შოთაძე, ზვიად ფხაკაძე, ირაკლი ფიფია“, – განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე .

“ქართული ოცნება“, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების მიღებას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაში„მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისთვის”
შემდეგი სტატია,,მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს – საქართველოში ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა და ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის