შსს-ში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც მან ჟურნალისტებს შსს-დან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, საგამოძიებო უწყებას დეტალურად მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, თუ დამატებით რაიმე გაახსენდა, ის საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდება.

“ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, მაგრამ თუ კიდევ გამახსენდა რამე ისეთი დეტალი, რომელზეც არ გვისაუბრია, მოვბრუნდები ისევ უკან და მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას. სისხლიან ტანსაცმელზე წინა გამოკითხვაზე ვისაუბრე. დღეს ასევე გვქონდა საუბარი ფარდულთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, გამოფრქვეული სისხლის მიმართულებებითაც, რომელიც არ იყო აღწერილი ექსპერტიზაში, ანუ ფაქტობრივად, განადგურებულია. ამას ხელახლა ვერავინ დაადგენს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანო ამ ეტაპზე ვერაფერზე ვერ სცემს პასუხს.

“პასუხებს ჯერ ვერაფერზე მცემენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დაკითხვის პროცესი. სასამართლო ჩვენებებიც არ არის გადმოგზავნილი ჯერ ამათთან. ჯერ რაზე უნდა იმსჯელონ, ისიც არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ წინასაგამოძიებო ჩვენები აქვთ. სასმართლო პროცესის ჩვენებები არ აქვთ. ჯერჯერობით ფაქტია, რომ პროკურატურის ხაზს მიჰყვებიან, მაგრამ მინდა აღვნიშნო, ყველაზე მეტი უბდურება ის არის, რომ ესენი რა დასკვნასაც დადებენ მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, ვეღარ ვხვდები”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიგლდანში 25 წლამდე ბიჭი მოკლეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის სოფელ პალურში გზების რეაბილიტაციისთვის 3 678 193 ლარი დაიხარჯება