შსს-ს მომსახურების სააგენტომ დაღუპული პოლიციელების შვილებს უმასპინძლა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილები ესტუმრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა და შსს-ს სპორტული კლუბის “MIA FORCE” წევრებმა უმასპინძლეს.

სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობა დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სააგენტოს ავტოდრომზე ბავშვები შსს-ს სპორტული კლუბის წევრების მიერ სპეციალურად მათთვის მოწყობილ სანახაობას დაესწრნენ, სპორტული ავტომანქანებით გაისეირნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

“MIA FORCE”-ის წევრმა, ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ დაღუპული პოლიციელების შვილებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაუტარა და საკუთარ სპორტულ კარიერაზე ესაუბრა. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დაღუპული პოლიციელების ხსოვნის პატივსაცემად, დათა ქაჯაიამ ჩემპიონატზე ჯილდოდ მიღებული თანხის ნაწილი დღეს მათ მცირეწლოვან შვილებს გადასცა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური გაზეთის მომხრეთა აქცია სტამბოლში პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდება