შსს-ს ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაშავდა, მიმდინარეობს გამოძიება

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა აზერბაიჯანის საავადმყოფოში უტარდება. როგორც „თაიმერს “ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქის დაშავება და კონკრეტულად, საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ინციდენტი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს.

შსს-ს ცნობით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიN16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
შემდეგი სტატიავაშინგტონში ივანიშვილის მიერ IRI-ს და NDI-ს კრიტიკას პასუხობენ