შსს: ქვემო ქართლში დააზიანეს კაბელები, რომლითაც ინტერნეტი მათ შორის სომხეთს მიეწოდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ორჯერ დააზიანეს ინტერნეტის კაბელები, რომლითაც ინტერნეტი სომხეთსაც მიეწოდებოდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. ფაქტზე დმანისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რომელიც მარნეულში, სოფელ სადახლოში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში სილქნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ.

“ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

ამჟამად, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 2 კაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“ვთვლი რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ტოვებს „ოცნებას“ იქცევა სწორად”