შსს-მ თბილისში, ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ისნის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი – ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: დღის ბოლოს ბევრ საარჩევნო უბანზე სიტუაცია დაიძაბა
შემდეგი სტატიაუნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და არ მივცეთ “ოცნებას” საშუალება, ზეწოლა მოახდინოს კომისიის წევრებზე – დავით კირკიტაძე