შსს-მ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.

საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ წითელ ხიდთან მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია