შსს : გამარჯვებაში მომხდარი კონფლიქტის არცერთი მონაწილე დაჭრილი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის.

“გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის.”- ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მომხდართან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისს 125-ე [ცემის] მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, სოფელ გამარჯვებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევო შტაბის თანამშომლებს თავს დაესხნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველი გუნდის ლიდერებს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ განცხადებაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, პარტია ემიჯნება ნებისმიერი სახის დაპირისპირებასა და ძალადობას, საკუთარ მხარდამჭერებს კი კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის პრემიერი: ევროკავშირს დაშლა ემუქრება
შემდეგი სტატიაექსპერტები: ვან გოგი ფსიქოზით იტანჯებოდა