შოლცი – მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, პუტინმა უბრალოდ თავისი ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს

ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში მქონდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გაზეთ MAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, იქამდე უფრო ხშირად ვსაუბრობდით. ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში, პირადად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. გახსოვთ ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მასთან ერთად დაჯდომა მომიწია, რადგან იგი კორონავირუსის გამო წუხდა? ოთხ საათზე მეტ ხანს ვისაუბრეთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი ჯარებს გაიყვანს.

„შუამავლობის ინიციატივები ყოველთვის იყო. მაგალითად, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ომის დაწყებისთანავე გაიმართა. მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რუსეთმა იგი თავისი ჯარების აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილების საბაბად გამოიყენა. შემდეგ ბუჩასა და ირპინის ხოცვა-ჟლეტის შესახებ გახდა ცნობილი – მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის შესახებ. ამჟამად, რიგი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ იმას, თუ რა შეიძლება იყოს ის, რაც სამშვიდობო პროცესს გამოიწვევს, მაგრამ, ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ განვაცხადო: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. პუტინმა უბრალოდ თავისი ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და თავისი ჯარები გაიყვანოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

banner
წინა სტატიაში2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში შობადობა ხუთი პროცენტით შემცირდა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია არის დამნაშავე, არსებობდა მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა შექმნილიყო რადიკალური დღის წესრიგი