შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო – ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1979 წელს
დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი
გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის
ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული
საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ.
შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა