შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ
საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და
ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2
პირი – 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს,
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული
აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას
ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის
მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის
მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ
დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ
ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე
დაკავდა 19 პირი;
• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან
სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3
პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი: ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
შემდეგი სტატიაანა სუბელიანის Op-Ed:ლექსო სწორედ ჰომოფობიური სიძულვილის შედეგად დავკარგეთ, სწორედ იმ სიძულვილის, რომელსაც წლებია გააზრებულად…მიზანმიმართულად აღვივებს ჩვენივე ხელისუფლება