შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, შესამჩნევი არის სისუსტე, კვლავაც ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებულია – თუთბერიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნევროლოგიური მაჩვენებლები გუარესებული აქვს.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე და ვერ იღებს საჭმელს.

„შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შეფასებისგან თავს შევიკავებდი, თუმცა სააკაშვილის თქმით, მისი ნევროლოგიური მაჩვენებლები არის გუარესებული. ასევე შევხვდი მის პირად ექიმს, რომელთანაც განვიხილეთ ტექნიკური საკითხები, მათ შორის ვიზიტორების დაშვების საკითხი. ამ ეტაპზე ველოდებით პენიტენციური სამსახურისგან კანონის შესაბამის მოქმედებას და მნახველების, ვიზიტორების დაშვებას ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. შესამჩნევი არის სისუსტე, ის კვლავაც ვერ იღებს საკვებს, ამ მიმართულებით წინსვლა არ გვაქვს, ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გახლავთ ჩემი შთაბეჭდილება შეხვედრიდან გამომდინარე“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

თუთბერიძის განმარტებით, ადმინისტრაციამ გასცა თანხმობა ყველა იმ ვიზიტორზე, რომლის დაშვებასაც კანონი ითვალისწინებს და საფრთხეს არ შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, მისივე თქმით, გაუგებარია, პენიტენციური სამსახურისგან რატომ არ არის გაცემული თანხმობა პირად ექიმ ნოკოლოზ ყიფშიძეზე.

„კიდევ ველოდებით რამდენიმე თანხმობას პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით. გაუგებარია, ნოკოლოზ ყიფშიძეზე რატომ არ არის გაცემული თანხმობა პენიტენციურისგან, იმედია, რომ გაირკვევა და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც შეადგენს კლინიკის პერსონალს, მიმდინარეობს თუ არა სათანადო მკურნალობა, ეს უნდა დაადგინონ ექსპერტებმა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებმა, რომლებსაც, სამწუხაროდ, მათ შორის სასამართლოს გამოყენებით პენიტენციური სამსახური არ უშვებს შესაფასებლად“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე.

„ბუნებრივია, ჩვენ გუშინაც და დღესაც განვიხილეთ ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ქართული დემოკრატიისადმი, არ ვიცი დასაბუთება, გარდა პირადი ბოღმისა, გარდა წმინდა რეპრესიული პოლიტიკისა და ავტორიტარიზმისა, მისთვისაც გაუგებარია, ვერ უძებნის სხვა ახსნას, ამას რა მიზანი ან საფუძველი შეიძლება, ჰქონდეს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს გამოუსწორებელ დარტყმას მოაყენებს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარებას“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშინერვიულობს სააკაშვილის იმ დასკვნაზე, რომელიც კლინიკიდან იგვიანებს და ფიქრობს, რომ კარგის მანიშნებელი არ არის – ხერხეულიძე გვარამიაზე
შემდეგი სტატიაფინეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებს