“შევეცდებით რუსეთს პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს, სადაც ის “ისლამური სახელმწიფოს” მიერ პანკისის ხეობის წვრთნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს.

კვირიკაშვილის თქმით, პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს და ამის შესახებ რუსეთის შესაბამისი უწყებები ნაკლებად ინფორმირებულები არიან.

“უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად იღებს. რაც შეეხება იმას, რა განცხადებები გაკეთდა – მინდა პოზიტივზეც ვისაუბრო, რომ ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში იყო ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება, თუმცა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სრულ კონტროლს. ამ შემთხვევაში არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის. იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, მათ შემოსვალზე არის უმკაცრესი კონტროლი და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გვექნება იმ არხებით კომუნიკაცია, რომელი არხებითაც გვაქვს დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ უფრო სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველმა დიპლომატმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მარაგის შევსებისთვის იყენებენ. მისივე განმარტებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩა ჯიშკარიანი: ვპირდები ჩემს თანაქალაქელებს მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან