ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, კონსტრუქციულად მყარია

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, კონსტრუქციულად მყარია, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ განაცხადა.

საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით, გამგეობას უკვე აქვს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით. შენობა მყარია, თუმცა მეექვსე სართული, სადაც აფეთქება მოხდა, განსაკუთრებულ რეაბილიტაციასა და გამაგრებას საჭიროებს.

„შენობა კონსტრუქციის მხრივ არის მდგრადი, აღინიშნება უმნიშვნელო დაზიანებები. ამასთან, სერიოზული დაზიანებებია მეექვსე სართულზე, მესამე-მეოთხე კატეგორიის. გვაქვს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციები და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში მათ გავითვალისწინებთ. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოქალაქეებისთვის კორპუსი უსაფრთხო იქნება“, – აცხადებს გაიოზ ვასაძე.

ამ ეტაპზე, კორპუსის 48 ოჯახი ქირით არის გასული, რომლის თანხას მერია უზრუნველყოფს. სასტუმროებში ცხოვრობს ოთხი ოჯახი, საიდანაც ორი დღეს ბინებში ასევე ქირით გადავა.

თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მიმდინარე წლის 16 იანვარს მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე დაშავდა 8 პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი. აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიქართული ლუდის კომპანიამ თიბისი კაპიტალის დახმარებით 25 მილიონი ლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ცხრა პირი დააკავა