“შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო?! “

ქართული ოცნების დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლება კრიზისთან გამკლავებას ვერ ახერხებდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაგრძო 2008 წლის აგვისტოში საზღვრის კვეთის თაობაზე მინისტრ თურნავას მიერ წამოჭრილი თემა და თქვა, რომ “შესაძლოა, ბოკერია არ გაქცეულა”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება კრიზისს უმკლავდებოდა:

“კრიზისი შეადარეს კრიზისს. 2008 წლის შემდეგ, ომის დროს, შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით, მგონი ჩამოვიდა, იმ პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო ან რისგან უნდა გაქცეულიყო?! არც ერთი საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ მოუყარა თავი და ამ ურთულეს პირობებში, მაინც შეძლო გარკვეული პაკეტის შექმნა, არ ჰქონდათ არა თუ დაფინანსებული, არამედ ყურადღების მიღმა ჰქონდათ დატოვებული და სინანულიც არ გამოუთქვამთ” – განაცხადა ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უსმენდნენ, ხმაური იყო. ხმაური მოჰყვა მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები “ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე”.

ცნობისთვის, სხვადასხვა პირების მიერ წარსულში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, თითქოს აგვისტოს ომის დროს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დეპუტატები ქვეყანას ტოვებდნენ, რაც, საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, „კოვიდის“ მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა
შემდეგი სტატიასამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო