შეძლებს ნიკა მელია გაწიოს სააკაშვილი, თავად იქცეს ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერად? ჩემთვის ამდენადაა საინტერესო ნიკა მელია

“პანდემიის პირველი ტალღა ჩვენმა სახელმწიფომ გადალახა, მაგრამ მეორე ტალღამ ფაქტობრივად ჩამოშალა ჩვენი ჯანდაცვის სიტემა. ეს არავის არ უნდა დააბრალოს მთავრობამ, მას აქვს წესად, საკუთარ წარუმატებლობებს, ხან ოპოზიციას აბრალებს ხან დასავლეთს ხან რუსეთს, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანები ვერ ღებულობენ სათანადო მკურნალობას. ისინი არ არიან დაცულნი. არ არის დაცული მათი სიცოცხლე და ადამიანების ჯანმრთელობას საქართველოში ემუქრება საფრთხე. ჯანდაცვის სიტემის პრობლემები ყველასათვის თვალსაჩინოა!-განაცხადა კახა მიქაიამ “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

-მოდით, დავსვათ მარტივი კითხვა. სად არის 10 მილიარდი ლარი?. სად გაქრა ეს ფული?… თანაც, ძალიან სიმბოლურია, სასუნთქი აპარატის ნაცვლად, ხვრინვის საწინააღმდეგო აპარატის შემოტანა… თუ ილიას სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენთ, შეგვიძლია ვთქვათ, ო, ღმერთო, ჩემო, სულ ხვრინვა, ხვრინვა…
მართლაც რომ ხვრინავს დღევანდელი ხელისუფლება!
ასე რომ, ხელისუფლებამ შექმნილ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და მორალურ კრიზისში საკუთარი თავი დაადანაშაულოს და არა ვინმე სხვა…

-როგორი იყო 2020 წელი?

-ძალიან მძიმე! მე ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, თუ 2020 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად მივიღებდით ერთპარტიულ პარლამენტს.
ჩვენ, ფაქტიურად მივიღეთ ჩრ. კორეა საქართველოში. ხოლო, ხელისუფლების მხრიდან საუბრები ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე და პარლამენტში არ შესვლაზე, უკვე სასაცილოც არ არის და საერთოდ, რაც ქვეყანაში ხდება, ხელისუფლების ბრალი ხომ არაფერია…
რაც შეეხება ოპოზიციის არ შესვლას პარლამენტში, მიზეზი მარტივია, ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ის გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან, რადგან ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის პროტესტი, ეს არის საზოგადოების პროტესტი, რომლის დაკვეთაც აღასრულა ოპოზიციამ. ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ, თავად ჟვანიას დათვლებით, 52/48 მოუგო ხელისუფლებას არჩევნები. ახლა როგორც არ უნდა იმართლოს თავი ხელისუფლებამ, სახეზეა- ქართული საზოგადოების პროტესტი! რომელსაც არ სურს სიცრუეში ცხოვრება. ერთპარტიული პარლამენტი კი არაფერში არ წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ევროატლატიკურ გზაზე, რომლისკენაც წლებია მივილტვით.

-2012 წელს თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილის მოსვლას, თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც ერთპარტიულ მმართველობას დაუპირისპირდით და ყველას გვახსოვს ის მოვლენები. იფიქრებდით, რომ ასეთი დროც დადგებოდა და მივიღებდით ისევ ერთპარტიულ პარლამენტს?!….

-მე ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, 8 წლის შემდეგ, ისევ თუ დაგვიდგებოდა ასეთი კრიზისი და ქართულ საზოგადოებას ქუჩაში მოუწვდა გაპროტესტება გაყალბებული არჩევნების. ჩვენ დღემდე ვტკეპნით ერთ ადგილს, წინ არ წავსულვართ, პირიქით, არსებობს რეალური საფრთხე, წარსულში ჩვენი სამუდამოდ დარჩენის.

-მიზეზი?

-მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ხელისუფლებაში არათუ ადამიანთა ჯგუფი, არამედ არ არსებობს ერთი ადამიანიც, რომელიც გავლენას იქონიებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე! უბრალოდ ეტყოდა არას!
ყველაფერი დამოკიდებულია ერთი კაცის ნებაზე. 21-ე საუკუნეში კი, ერთი კაცის ნებაზე დამოკიდებულ სახელმწიფოში ბოლოს ვღებულობთ ჩრდილოეთ კორეას.

-გამოსავლი?

-მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები. არსებობს საქართველოში დიდაქტიკოს ექსპერტთა ჯგუფიც, რომლებიც დიდაქტიკოსობენ და მიუთითებენ ამა თუ იმ პარტიას, საზოგადოებას, როგორ უნდა მოიქცნენ. ამ დიდაქტიკოსებმა გამოთქვეს ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა, პარლამენტში შესულიყო ოპოზიცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოპოზიცია თუ შევიდოდა პარლამენტში და “გაუპრავებდა” ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს, მაშინ ის გაქრებოდა პოლიტიკური ველიდან. ამიტომ არანაირი მიზეზით ოპოზიციის შესვლას პარლამენტში მე არ ვეთახმები, რადგან ოპოზიციას არავითარი ბერკეტი არ აქვს იმისათვის, რომ პარლამენტში ბრძოლით მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას. ამიტომ ბოიკოტი არის გამართლებული და, დარწმუნებული ვარ, ამ ბოიკოტს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები.

– როგორ უყურებთ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევას?

-თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ” ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. ,,ნაციონალური მოძრაობა” რომ დღეს მთავარი ოპოზიციური ძალაა და მას ფაქტიურად 30%-ზე მეტი მხარაჭერა აქვს, არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რეალობას გავუსწოროთ თვალი. ,,ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია დაბრუნდეს ხელისუფლებაში. რაც შეეხება ნიკა მელიას, ნიკა მელია იმდენად იქნება ჩემთვის საინტერესო, რამდენადაც შეძლებს, როგორც თავად ამბობს, ,,ნაციონალური მოძრაობის მოდერნიზებას” და იმ ადამიანების დარწმუნებას, როგორც ისევ თავად ამბობს, რომლებსაც დღემდე არ სჯერა ნაციონალური მოძრაობის მეტამორფოზის. შეძლებს ამას ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პირობებში? – ეს არის მთავარი კითხვა. შეძლებს ნიკა მელია გაწიოს სააკაშვილი, თავად იქცეს ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერად? ჩემთვის ამდენადაა საინტერესო ნიკა მელია. კი, ბატონო, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის 30%, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ნიკა მელია ამბობს, ,,ნაციონალური მოძრაობის” მოდერნიზება, რომლისაც მე, პირადად, არ მჯერა!!! დარწმუნებული ვარ, რა პროცესის დაწყებასაც აპირებს ნიკა მელია, ამ პროცესს ხელს შეუშლის მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით, თავისი ბეგრაუნდით, თავის წარსულით და დღევანდელობით. თავისი გადამეტებული და ზოგ შემთხვევაში უაზრო ამბიციით!!! მე ვერ ვხედავ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ლიდერად. ის უფრო მუხრუჭი და ხელის შემშლელია, არა მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობისათვის,” არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკისათვის!!! ასე ვუყურებ ბიძინა ივანიშვილსაც. ორივე ლიდერი პოლიტიკაში რჩება, რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ამ ორი მონსტრის განეიტრალებას?! ეს არის მთავარი კითხვა დღეს!

-რიგგარეშე არჩევნებს ელოდებით?

-ვერ დარჩება ქვეყანა კოჭლი პარლამენტის იმედად. ვერ დარჩება ქვეყანა პარლამენტში შეტანილი ერთი როიალის იმედად და მოცარტის ან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტის მოსმენის იმედად მხოლოდ…

-არსებობს ინფორმაცია, რომ ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილი დატოვებს პარტიის თავჯდომარის პოსტს და მას ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს.

მეც გავიგე ამის შესახებ, არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა, თუმცა, ასეთი ინფორმაცია საზოგადოების გარკვეულ წრეებში მართლაც არსებობს. რომც დატოვოს ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი, ამით არაფერი შეიცვლება, არავინ დაიჯერებს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილი განერიდება პატიის მმართველობას და შესუსტდება მისი როლი პოლიტიკურ პროცესებში… თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს მაინც მოუწევს თავისი პირმშოს მიტოვება, რადგა ,,ქართული ოცნება” უკვე ამოწურულია, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა… ამიტომ, არამგონია, და მიუხედავად ჩემი დღევანდელი დამოკიდებულებისა ბიძინა ივანიშვილისადმი, ვერც კი აღვიქვამ, რომ ივანიშვილი, საბოლოოდ, კობახიძის დასაწნავი კულულების, კალაძის სელფის ჯოხის, მათიკაშვილის შემობრუნებული პირბადის და დენდროპარკიდან ახლახანს ხელმეორედ პარლამენტში გადმორგული ეგზოტიკური ედიშერ თოლორაის პარტიული თუ მერკანტილური ინტერესების მძევალი გახდეს…

თანაც, ქართულ ჯიგრულ პონტში…

-და ბოლოს, ბატონო კახა, როგორც წინა ინტერვიუში გვითხარით, ცნობილმა პროზაიკოსმა გელიოზ აურაცხელიამ ბადრი ესებუაზე რომანის წერა დაიწყო…

-გელიოზ აურაცხელიამ რომანის წერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, თანაც, რომანი ისეთი საინტერესო და აქტუალური გამოდგა, რომ კინორეჟისორმა ბენჟამენ გვადი გვადავამ გადაწყვიტა გელიოზ აურაცხელიას რომანის მიხედვით მხატრული ფილმი გადაიღოს! ფილმისთვის სცენარის დაწერა კი, ბატონმა ბენჟამენმა მე შემომთავაზა, მე უკვე დავიწყე სცენარზე მუშაობა… ვნახოთ, რა გამოგვივა…

-ბატონო კახა, ზოგიერთი ჟურნალისტი ისევ ფიქრობს, რომ ბადრი ესებუა ზვიადისტებს ჰყავთ გადამალული?!

-ტვ ,,იმედის” თანავარსკლავედში მყოფი, სამეგრელოში აკრედიტირებული ტელევიზიების ზოგიეთი ჟურნალისტი (რომელთაც მე ჟურნალისტი-ხაბუმები ვუწოდე), დღემდე მართლაც ფიქრობს, რომ ბადრი ესებუა დამნაშავე არ არის, მხოლოდ გარემოებათა მსხვერპლია და ის კონკრეტულად ჩემს მეგობარ ზვიადისტებს ჰყავთ გადამალული! ასევე, მინდა გითხრა, რომ ჟურნალისტ-ხანუმთაგან ჩემი ნაცნობი ჟურნალისტიც  (რომლის საუბრის აუდიოჩანაწერს ერთ ზვიადისტთან, ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებ), ბადრისთან ინტერვიუს ჩაწერისა და საზოგადოებისთვის ესებუას უდანაშაულობის დამტკიცების მოლოდინშია!

ვიმედოვნებ, ჟურნალისტი-ხანუმების ,,თვითშემოქმედება” ტერორისტის დაკავების პროცესს არ დააზიანებს და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება…

სხვათაშორის, როგორც მომავალი ფილმის სცენარისტი, ვფიქრობ, რომ ტყეში, ზვიადისტების მიერ გადამალულ ბადრი ესებუასთან შესახვედრად და მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მიმავალი, ბებერ ულაყზე ამხედრებული ჟურნალისტი, პოსტესებუასდროინდელი სამეგრელოს სიმბოლოდ უნდა იქცეს…

ახლა კი, ტყეში, ესებუასთან ,,რაზგონით” შევარდნილი ჟურნალისტი-ხანუმებისთვის ჩემგან შეპირებული საახალწლო ლექსპრომტი.

 

ჟურნალისტი-ხანუმები, ფახლავებით ხლებიან, ტყეში შემძვრალ ტერორისტს და შეყრას ელოდებიან…

ჟურნალისტო ხანუმებო, წითელქუდას ბებიას ამბავი, თან, მოგონილი, საჭორაოდ რგებია…

თქვენ კი, სანამ ტერორისტი ცხელ ფახლავებს მიირთმევს, ინტერვიუს ასაღებად ნებართვები მიიღეთ…

თან, წინასწარ, თქვენს ეთერში, სიუჟეტი რომ გავა, გაგვაფრთხილეთ, გამოჩნდება, როგორ ,,აჭმევს” ფახლავას, ტერორისტი ესებუა, პოლიციელ გალდავას?!… (იცინის)

banner
წინა სტატიაშიძლიერი ხანძარია წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარზე
შემდეგი სტატიანიკა მელია: დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი