“შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია დაპირისპირება დასავლეთთან”

შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია დაპირისპირება დასავლეთთან, ამაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ ძალიან მკაცრი რეაგირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„რა დოკუმენტიდანაც არ უნდა გავიდეს „ქართული ოცნება“, ეს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაინც არსებობს და იარსებებს ნებისმიერ შემთხვევაში და ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად იმის დასახელებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულით „ქართული ოცნება“ თავს იმართლებს.

„რაღაცით ხომ თავი უნდა გაიმართლოს „ქართულმა ოცნებამ“, აბა, იმას ხომ არ იტყვის, გუშინწინ ამოვიდა კვლევები, სადაც ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პროცენტიო და გვეშინია ვადამდელი არჩევნებისო? თავს ამით გაიმართლებენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – 43 პროცენტი „ქართული ოცნებისთვის“ წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით ჰგონიათ, რომ მათ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, „ქართული ოცნების“ მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43 პროცენტზე ნაკლების აღების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიNGO-ები: მიშელის შეთანხმებიდან გასვლა ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ჩვეულებრივი თაღლითები არიან”