“ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ჩვეულებრივი თაღლითები არიან” – ასე მიმართავს “სტრატეგია აღმაშნებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს.
ვაშაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლენს მოუწოდებს, “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულებინონ.
პირადად მინდა მივმართო აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის ელჩს – მეგობრებო, როცა ჩვენ ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ “ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი თაღლითობა… სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს. დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები გამოიყენოთ “ქართული ოცნების” მიმართ, რათა დაუბრუნდეს შეთანხმებას, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი “ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც მიმართავს:
“რას ნიშნავს, რომ უნდა გახვიდეთ? ვის კითხეთ, რომ უნდა გახვიდეთ, საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ, ხელმომწერებს ჰკითხეთ ამ დოკუმენტის და ვინმესთან გქონდათ საუბარი, თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰკითხეთ, რომლებმაც გაიძულეს, რომ ხელი მოგეწერათ ამ დოკუმენტზე?
დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდოდა არანაირი შეთანხმების გაფორმება და ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვაიძულეთ ისინი წასულიყვნენ შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქრათველოს განვითარებისათვის.
კიდევ ერთი მაინტერესებს, ბ-ნო ირაკლი, რის ანულირებას ახდენთ? საქართველოს ევროპული გზის ანულირებას ახდენთ? ევროპული ინტეგრაციის გზის? თუ ნატო-ში ინტეგრაციის გზის? შეგახსენებთ, რომ ნატო-ს კომუნიკეშია მოხსენიებული შარლ მიშელის დოკუმენტი…” – ამბობს ვაშაძე.