შაქარიშვილი – მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება

მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება, რასაც საზოგადოება წლებია ხედავს ქართულ მედიასივრცეში, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ – სამი ტელევიზია მიზანმიმართულად, ყველანაირი ბინძური მეთოდით, მედია სტანდარტების და ეთიკური ნორმების დარღვევით ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ალტერნატიული აზრი. სამივე ტელევიზიის მენეჯმენტი და დამფინანსებლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ისინი მოპარული და კორუფციული „შავი ფულით“ აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. ცოტა ხნის წინ ე.წ. მედია რევოლუციონერებიც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ, ითხოვდნენ სასულიერო პირების გაპარსვას და დაპატიმრებას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს კანონის და რეგულაციების გამკაცრების გზით“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს მსგავსი მიდგომის ევროპული გამოცდილება.

„კონკრეტულად, საფრანგეთმა უზრუნველყო საკუთარი მოსახლეობის დაცვა ყალბი ამბებისგან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროპული პრაქტიკა და კანონით უნდა განისაზღვროს სანქციები მედიის მხრიდან ადამიანის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებასა და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმები, ხოლო განმეორების შემთხვევაში – მაუწყებლობის შეზღუდვაც კი. სხვაგვარად შეუძლებელია არსებული მედია სტანდარტის გაუმჯობესება“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ლელომ“ მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიაბოკერი – ქარდავა სწორედ არჩევნების წინ გაახსენდათ და კანონის უზენაესობის დაცვა რეალურად არაფერ შუაშია