რამდენიმე დღეში ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება, როგორც კი ექნებათ მითითებები, თუ რა ხაზით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა იქნა გამოთქმული ჩვენი მხრიდან, მოვუწოდეთ პარტიებს, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ“.
მისივე თქმით, ყველამ ნახა, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში – დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს.
„საერთო ჯამში, ამ შემთხვევაში პასუხიდან გაქცევაც ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დადგომას და ვნახეთ ჩვენ, რაც იყო ამის მიზეზი. ესეც გამოვლინდა შემდეგ, ერთ-ერთი ენჯეოს კორესპონდენციიდან, რომ როგორც ჩანს, ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელის შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე ენჯეოსა და ზოგიერთ დონორს შორის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს. როგორც კი ექნებათ მითითებები, თუ რა ხაზით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან. ნახავთ თქვენ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა და როგორ სინქრონში ექნებათ ერთნაირი არგუმენტები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. რამდენიმე დღეში ნახავთ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება. რაც შეეხება თვითონ შინაარსს, იხილავს ყველა მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დარეგისტრირდება. საჭიროებასთან დაკავშირებით, იმიტომაც ვერ ლაპარაკობენ ვერაფერს, ფაქტია, რომ არგუმენტი ამის საწინააღმდეგო არ აქვთ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც კი მოუწია თამამი განცხადების გაკეთება ხაზგასმით, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი. ასეთი ტრუიზმების თქმა რომ უწევს პრემიერ-მინისტრს, ხვდებით, რა დონეზეა იქ მისული დისკუსია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, რომ არ მივიდეთ აქამდე, რადგან მერე იქიდან გამოსვლა არის რთული და ვხედავთ, რა მდგომარეობა არის სხვა ქვეყნებში, შესაბამისად, ეს ინიციატივა გაჟღერდება და ყველა ნახავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.