შალვა პაპუაშვილი – დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველო სპარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია. მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა, მაშინდელმა ახლად შექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა.

ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია.

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“,- წერს პაპუაშვილი ფეისბუქპოსტში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება
შემდეგი სტატია27-28 თებერვალს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება