შალვა ნათელაშვილი: მეფე ბიძინ პირველი გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად

თქვენი დანახვით დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მალე ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმისგან ამ ქვეყანაში არაფერი აღარ დარჩება და საქართველო იქნება გამარჯვებული სამარადჟამოდ, – ამის შესახებ განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე.

„ალბათ, 30 წლის წინ, როდესაც აქ სულგანათებული ზვიადი და მერაბი ატარებდნენ მიტინგებს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ქართველ ხალხს მოუწევდა არა გარე, არამედ შიდა დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ ისეთი მუხტია ამ ადგილას და რაც მთავარია, თქვენს დაუმორჩილებელ გულებში, რომ ვერანაირი გარე და შინა დამპყრობელი ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას, სანამ ასე ერთად ვიქნებით, ხალხნო“, – მიმართა ნათელაშვილმა შეკრებილებს.

მისი თქმით, შეიძლება, ერთადერთი პოზიტივი, ანუ დადებითი დაუფასონ ბიძინა ივანიშვილს: „გაუერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა. მაგრამ ეს თავისდაუნებურად მოუვიდა. არ ელოდა, ფიქრობდა, რომ ჩვენ გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას, როგორც წესი და რიგია ქართულ სინამდვილეში და ამასობაში, ის ბოლოს გადაიქცეოდა მეფე ბიძინ პირველად. მაგრამ გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად, რომელმაც თავი შეაძულა არა მარტო საკუთარ ხალხს თავისი სიცრუით, მტაცებლობით, არაადამიანობით, არაჰუმანურობით, არამედ, თავისი სახე დაანახა მთელს მსოფლიოს და ეს სახე მალე იქნება მიუღებელი მთელი სამყაროსათვის.

ჩვენ რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო, ლამაზებო და განუმეორებლებო, ჩვენ მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ელჩების, რომლებიც წუხან ჩვენი პრობლემების გამო, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, დღესაც იყო შეხვედრა, გუშინაც, ხვალაც გაიმართება და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს წყვეტს მისი უდიდებულესობა, ქართველი ხალხი და წყვეტს აი აქ“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, აშშ და ევროკავშირი განიცდიან, ფიქრობენ, ცდილობენ, მოქმედებენ.

„მაგრამ ფაქტია, იქამდე მიიყვანა ივანიშვილმა საქმე, რომ დღეს ორი ქვეყანა იყო დედამიწაზე, სირია და ავღანეთი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შუამავლების მეშვეობით ელაპარაკებოდა ერთმანეთს და მესამე გაგვხადა ჩვენ ამ ნაძირალამ. მარტო ეს არ უნდა ვაპატიოთ. პატიებაზე საუბარი არ არის, როდესაც თქვენ გაწუხებთ, ამდენი პრობლემების გადამკიდე ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს, აქ ჩამოდიხართ, ოჯახს ტოვებთ, სამსახურს ტოვებთ, საღამოს ლუკმა პურის საკითხი დგას, დილით ბავშვი რომ გადის, როგორ უნდა გავაცილოთ, რა საუზმე დაუდგათ, ეს პრობლემები ხომ ყველას გვაწუხებს, მაგრამ დიდი მამულიშვილობა, დიდი ქართველობა თქვენი ამითაც გამოიხატება, რომ ჯერ მამული და მერე ყველაფერი. ხოლო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხისადმი, კიდევ ერთხელ დავინახეთ დინამოს სტადიონზე, სადაც ხალხი არ შეუშვეს, თავგადაკლული ფანები, ჩვენ თბილისში განსაკუთრებით გვყავს ფანები, რომლებსაც ზეპირად ახსოვს პელეს ის თავური, 1970 წელს იტალიას რომ გაუტანა მსოფლიო ჩემპიონატში. ისინი გარეთ დატოვეს და საპატიო ლოჟაში იჯდა თუ იცით ვინ – გოგლი-მოგლით გაზრდილი კობახიძე, რომელმაც არ იცის, ბურთი მრგვალია თუ სამკუთხედი დღემდე.

მოკლედ, ხომ ვხედავთ, რა უნდათ. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სტადიონიც ჩვენია, ფეხბურთიც ჩვენია, გართობაც ჩვენია, კაზინოებიც ჩვენია, ბიუჯეტიც ჩვენია, ქვეყანაც ჩვენია, ბიზნესიც ჩვენია და თქვენი მოვალეობაა მხოლოდ, რასაც დაწერს ჟვანიას ქალი არჩევნებში, ის დაიჯეროთ. არა ბატონებო, არა, თქვენი დრო დამთავრებულია, თქვენ გარდაუვლად მიდიხართ პოლიტიკურ მოუსავლეთში. რაც მალე დაიჯერებთ, რაც მალე შეიგნებთ, რაც მალე გაიაზრებთ რეალობას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის და ჩვენი დიადი ქვეყნისთვის, რომელიც მართლაც დიადია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.​

მისივე თქმით, ოპოზიციას ძალიან მარტივი რამ უნდა ხალხისთვის და არ ფიქრობს საკუთარ თავზე.

„ჩვენი თავისთვის რომ გვინდოდეს ეს ცხოვრება და პოლიტიკა, აგერ, ბატონო თბილი კაბინეტები, ჯიპები, 24 საათიანი მომსახურება, შევიდოდნენ პარტიები, ხომ?! არ შევდივართ. არ შევდივართ იმიტომ, რომ გვინდა, ჩვენს ხალხს ჰქონდეს ნამდვილი დამოუკიდებლობა, ნამდვილი არჩევნები, ნამდვილი მათზე მზრუნველი მთავრობა, ნამდვილი ბიზნესსაქმიანობის უფლება, ღირსეული პენსიები, მაღალი ხელფასები, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, კარგი მედიცინა.

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ერთიანი, დემოკრატიული, ფეხზე მყარად შემდგარი საქართველოს მშენებლობას და ეს ძალიან მალე მოხდება, ეს მოხდება რამდენიმე დღეში. კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომლებმაც სწორად გაიაზრეს ისტორიის მოთხოვნა მათ წინაშე და უარს ამბობენ შეურთდნენ, დანაშაულებრივ ე.წ. პარლამენტს. სწორედაც, თუ სამშობლოსგან გავიწირებით, თუ ხალხისგან გავიწირებით, რა ჯანდაბად გვინდა პარლამენტი, მინისტრობა, ცხოვრება ან ქონება, მეტ რა უნდა მივიღოთ, იმაზე მეტი, ვიდრე თქვენი ტაშია, თქვენი სითბოა, თქვენი თვალებია, ამიტომ ჩვენ მზად ვართ თავგანწირვისთვის, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად, ოღონდ ჩვენი ქვეყანა წამოდგეს ფეხზე, გენაცვალეთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ვაქციოთ ზუგდიდი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას