შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პატიმარი მსოფლიოში მეორე არ არსებობს 

მიხეილ სააკაშვილის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დამერწმუნეთ, დღეს მსოფლიოში მეორე არ არსებობს – ნებისმიერ დროს შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა.
ევროკავშირის კონსილიუმს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ ვიცით, ვინ არიან შემადგენლობაში. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს, სხვადასხვა უწყებაში „აბურთავებს, _ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ხაჭაპურიძის თქმითვე, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის კონსილიუმის შესვლის ნებართვის უფლებას არ იძლევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებები ამჯერადაც შელახულია.
“ესენი დეკლარირებულად აკეთებენ ერთ განცხადებას, რომ ვინც უნდა მოიწვიონ, აგერ ვართ და ჩვენ ყველანაირ ნებართვას გავცემთ, თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ხან საგარეო საქმეთა სამინისტროს გვეუბნებიან, ხან ჯანდაცვის სამინისტროს, ხან იუსტიციის სამინისტროს და თავი და ბოლო ვერ გაუგიათ. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი [ევროკავშირის კონსილიუმის წევრები]. რა შემადგენლობაა. ჩვენთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ აქვთ ხელისუფლებასთან მიმოწერა, მაგრამ ხელისუფლება ამას მალავს. სხვადასხვა უწყებაში აბურთავებს.
წარმოუდგენელია ადამიანი ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში გყავდეს, რომელზეც უკვე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დილით შეიძლება გავიღვიძო და გვითხრან, რომ გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი დღეს დამერწმუნეთ, მსოფლიოში ალბათ, მეორე არ არსებობს. არ ვიცი რუსეთში თუ ჰყავთ, მაგრამ ვიცი, რომ ნავალნი ასეთ ვითარებაში არ ჰყავთ”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას,  როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, საჩივრის შესატანად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ, თავად სააკაშვილმა და ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი გაიგზავნება თუ არა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის დღეები გაიმართება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა