ამირან სალუქვაძე:რატომ მიდის ბიზნესი ოფშორში?

ამირან სალუქვაძე:

OFsHORIმთელი მსოფლიო მოიცვა ე.წ. პანამის სკანდალმა. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო.
რამდენიმე  საკითხად დავყოფ:

1. რატომ მიდის ბიზნესი ოფშორში?
2. რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი იმათთან მიმართებაში, თუ ვისი სახელებიც ფიგურირებს სიაში?
3. როგორ დავიცვათ თავი, რათა ჩვენი ბიზნესი არ გავიდეს ოფშორში?

1. რატომ მიდიან ოფშორში?

ბიზნესს რამდენიმე საკითხი აწუხებთ, როცა მიმართავენ ოფშორულ ზონებში საკუთარი ბიზნესის რეგისტრაციას:
ა) გადასახადების დამალვა
ბ) ცუდი საკანონმდებლო ბაზა ქვეყანაში, რომელშიც აქვს ბიზნესი
გ) ქვეყნის სასამართლო სისტემა.
დ) საკუთარი ვინაობის დამალვა

ეს პუნქტები დიდ განმარტებას არ საჭიროებენ. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ბ და გ პუნქტბი ბიზნეს გარემოს გამოხატავენ.

აქედან გამომდინარე რა კითხვა უნდა დავსვათ? რატომ აირჩია კონკრეტულმა პირმა ოფშორი? ამ ოთხიდან რომელი პუნქტის გამო გაიტანა თავისი ბიზნესი ოფშორულ ზონაში? ერთია თუ გადასახადს გაურბიხარ, მეორეა თუ ბიზნეს გარემოა ცუდი.

2. რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი იმათთან მიმართებაში, თუ ვისი სახელებიც ფიგურირებს სიაში?

პირველი ბლოკის კითხვების გაანალიზების შემდეგ რა უნდა გვაინტერესებდეს კონკრეტულ პირთან მიმართებაში:

ა) ფულის წარმომავლობა. კანონიერი ბიზნესით იშოვა თუ კორუფციული გზით?
ბ) გადაიხადა თუ არა გადასახადები საკუთარ ქვეყანაში, თუ ეს ეკუთვნოდა კანონით. შეიძლება ფული იშოვო შენს ქვეყანაში, გადაიხადო გადასახადები და შემდეგ გაიტანო კაპიტალი.

ფულის წარმომავლობის დასაბუთება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოდან ჯერ ორი პირი ფიგურირებს: ბიძინა ივანიშვილი და დავით კეზერაშვილი. ორთავემ მშვიდად უნდა ახსნან ფულის წარმომავლობა.

თუ პირველმა რუსეთში მიღებული მოგება გაიტანა ოფშორში და რუსეთს დაუმალა გადასახი, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ მადარდებს. თუ პრემიერობისას იშოვა ფული საქართველოში და ეს თანხებია გადაქაჩული, მაშინ პრობლემაა. ვფიქრობ ამ ვარიანტთან საქმე არ უნდა გვქონდეს.

თუ მეორემ დაასაბუთა ფულის წარმომავლობა და დაადასტურებს, რომ გადაიხადა გადასახადები, პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ვერ დაასაბუთა ფულის წარმომავლობა, მაშინ პრობლემაა. განსაკუთრებით მწვავე იქნება ეს სამხედროებისთვის.

3. როგორ დავიცვათ თავი, რათა ჩვენი ბიზნესი არ გავიდეს ოფშორში?

უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულებები ინფორმაციის გაცვლის თაობაზე პანამასთან და სხვა ოფშორულ ზონებთან (სახელმწიფოებთან), როგორც ეს გააკეთა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა.

კიდევ ბევრი რამაა საჭირო, რათა კაპიტალი არ გავიდეს ქვეყნიდან. თუმცა, ვისაც უკანონოდ აქვს მიღებული დიდი შემოსავლები, მას საუკეთესო ბიზნეს გარემოც ვერ დააკავებს და შეეცდება ოფშორისკენ აიღოს გეზი.

და ბოლოს. რატომაა აშშ წარმატებული სახელმწიფო? გადასახადის დამალვა ითვლება ყველაზე საშიშ დანაშაულად. ამიტომ აქ სირაქლემას პოზიცია არ გამოვა.

თუმცა ჩვენ არ ვართ აქტიური საზოგადოება, მეტიც, სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. ამიტომ გამოვუშვებთ ორთქლს ფეისბუქში და ამითი დასრულდება. საერთოდ, სოციალური ქსელი ორთქლის გამოშვების სივრცეა.

რუსეთში წინასწარ იცოდნენ პანამის საბუთების არსებობის შესახებ და დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე დღით ადრე დააანონსა, რომ იგეგმებოდა რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო საინფორმაციოპროვოკაცია დასავლეთის მხრიდან. ახლა სირაქლემის პოზაში არიან.

ზოგადად, ოფშორში ფირმის რეგისტრაცია არც კარგ ტონად ითვლება და არც სანდოდ. თუმცა მიღებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით საინესტიციო ბიზნესის მსხვილი წარმომადგენლებისთვის, იარაღით მოვაჭრეებისთვის და ა.შ. თუმცა, ყველაფერი გემოვნების ამბავია.

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ივანიშვილს პირადი მონაცემების გაგზავნა არ სურდა”-პანამის ოფშორის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიასირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა