“საშინელი ვიდეო” – ვარსკვლავები კევინ სპეისის მიმართვით აღშფოთებულები არიან

ორშაბათს ცნობილმა მსახიობმა კევინ სპეისიმ, რომელიც სასამართლოს წინაშე 7 იანვარს წარსდგება 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით, საკუთარ “ტვიტერში” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ვიდეოში სპეისი “ბანქოს სახლის” გმირის, ფრენკ ანდერვუდის როლშია და პირდაპირ მაყურებელს მიმართავს – ის ყველანაირ დანაშაულს უარყოფს. “ცხადია, ზოგიერთებმა ყველაფერი დაიჯერეს. სუნთქვა შეიკრეს და ელოდებიან, რომ ყველაფერს ვაღიარებ” – ამბობს სპეისი-ანდერვუდი. “ისინი იტყვიან, რომ მე არ ვიქცევი პატივისცემით, არ ვთამაშობ მათი წესებით. თითქოს მე ოდესმე ვინმეს წესებით მეთამაშოს. ეს არასდროს ყოფილა. და თქვენ ეს ძალიან მოგწონთ” – აგრძელებს მსახიობი.
ვიდეოს რეაქცია მაშინათვე მოყვა და მას ბევრი აღშფოთებული ადამიანი გამოეხმაურა – “ბიბისი” წერს.

7 იანვარს მასაჩუსეტსის შტატი განიხილავს საქმეს, სადაც კევინ სპეისის 18 წლის ახალგაზრდის დათრობასა და შემდეგ მასზე ძალადობაში ედება ბრალი. შტატის კანონებით, ალკოჰილის მოხმარება მხოლოდ 21 წლიდან შეიძლება. მამაკაცის დედის განცხადებით, მის შვილს ფიზიკურ კონტაქტზე თანხმობა არ განუცხადებია და ამ ისტორიამ მას ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
სექტემბერში ლოს-ანჟელესის პროკურატურამ სპეისის სხვა სექსუალური ბრალდებები მოუხსნა. გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადით ახსნა.

banner
წინა სტატიაშიერდორანი პუტინთან შეხვედრას გეგმავს
შემდეგი სტატიამარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება