სასამართლომ “ტაბულას” ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ტაბულა” ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა საქმის განხილვიდან სამი კვირის შემდეგ გამოიტანა.

ბექა ჯიქურაშვილის სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ჟურნალისტი “იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ”, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად კეტავდა გზას, არ ემორჩილებოდა პოლიციას და ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებაში. “ტაბულას” ცნობით, ვიდეოკადრებში, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოს აჩვენა, ჩანს, რომ ჯიქურაშვილის დაკავებისას გზა უკვე გადაკეტილი იყო. ასევე, ის არ დგას ახლოს სხვა დაკავებულებთან.

გამოცემის თანახმად, შსს-ს თანამშრომელი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ დაკავებულის ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, თუმცა, დაკავების ვიდეოში ისმის, რომ “ტაბულას” რეპორტიორი მოწმე სამართალდამცველს ეუბნება, რომ ჟურნალისტია – ის დაკავებულს პოლიციის მანქანაში გვერდით ეჯდა.

შეგახსენებთ, რომ “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი გამოცემა “პუბლიკის” დირექტორთან, ზურა ვარდიაშვილთან ერთად 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ “პუბლიკას” თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი ასევე სამართალდამრღვევად ცნო და ისიც 2 200 ლარით დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის ფონზე, პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტით შეეცადა, თავი სამხედრო ლიდერად წარმოეჩინა