სარჯველაძე – ღარიბაშვილისა და მიშელის შეხვედრა არ ნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ძალაშია

gulis eleqsiri

ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა არ ნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ძალაშია, შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

„ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა არ ნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ძალაშია. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც გაცხადდა მედიისთვის და რაც ითქვა. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია იმ დღის წესრიგით, რომელზეც ვთანხმდებით ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით. შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება. 19 აპრილის შეთანხმება არ განაპირობებს არავითარ ვალდებულებას, ან მისგან გასვლის ფაქტი არ განაპირობებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის ვალდებულებას.

შარლ მიშელის განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რა არის მთავარი გეზის განმსაზღვრელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით. ეს არის დადასტურება იმის, რომ საქართველო აგრძელებს მაქსიმალური სისწრაფით სვლას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. მთავარი საგზაო რუკა არის სწორედ ეს დოკუმენტები, რომელიც არის მოხსენებული. რაც შეეხება ფინანსური დახმარების დაკარგვა-არდაკარგვას, საკითხს ასე ნუ დასვამთ, ამაზე რამდენიმე თვის წინ გაკეთდა განმარტებები ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და არ მგონია, აქ რაიმე განგაშის მიზეზი არსებობდეს, ამაზე საუბარი ცრუ განგაშს ჰგავს, რისი საფრთხე და მიზეზიც არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წინა სტატიაშიისრაელმა საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა
შემდეგი სტატია“ენმ”-ს “ქართული ოცნების” მოქმედი წევრები შეუერთდნენ