საქათველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

საქათველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს.

„რატომ ვშიმშილობ? იმიტომ, რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით. ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ იმიტომ, რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი თვეა. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს, შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება. არც ერთი სამართლებრივი ნორმა დაცული არ არის! თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით – აი, ჩამოვა და ყველას დაერევაო, სინამდვილეში – ჩამოვედი უხმაუროდ, თავი ავარიდე პროვოკაციას, ასევე უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში.

ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყვარს, არ მინდა ვინმეს რამე დაუშავდეს. ბოლო ორი დღე ორი ადამიანი საუბრობდა ჩემზე – ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა, ან თვითმკვლელობის გზით უნდა მოკვდეს, ან კრიმინალებთან გადაყვანითო. და მეორე – მეუფე გრიგოლი, რომელიც ჩემთან იყო და რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა. მან ჟურნალისტებს უთხრა: სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე თქვენი პირადი ბოღმა და ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო.

მეუფე გრიგოლთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როცა ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალებით აღვადგინეთ და ცალკე თეატრი ავაშენეთ.

რა თქმა უნდა, ამჯერად არ მსურს არც ერთი თანამდებობა, ან პოსტი! ხვალ თქვენ გადაწყვეტთ ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემ მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის გულწრფელი სურვილი, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშობლოს.

თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო! ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა აქ და ეს სიყვარული მაცოცხლებს მთელი თვეა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების სამსახური – სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანია უკონტროლო ვითარების შექმნა