საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში, რეზოლუციის 6 კრიტიკული პროექტია დარეგისტრირებული

საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე 8-9 ივნისს, ევროპარლამენტში დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის საერთო ტექსტი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებმა რეზოლუციის 6 პროექტი წარმოადგინეს.

6 პროექტი გამოცემა “ნეტგაზეთმა” გამოქვეყნა, სადაც მედიის მდგომარეობის გაუარესების მიმართულებით მწვავე კრიტიკაა გამოთქმული. რეზოლუციის ყველა ვერსია გმობს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმში და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ეფექტიანად გამოიძიოს 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტი, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და დასაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი…

პროექტი №1
ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფის (GUE/NGL) სახელით მიგელ ურბან კრესპოს მიერ მომზადებული
პროექტით, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში კრიტიკულად არის მიმოხილული: 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოვლენილა; მედიის, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატების ფარული მიყურადება; ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ. რეზოლუცია კატეგორიულად გმობს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის ცენზურის და დაშინების მიზნით და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და ლგბტქი+ პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

რეზოლუციის აღნიშნული პროექტი პოზიციას არ აფიქსირებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ უკრაინაში ომის და საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის გამო ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში.

პროექტი №2
მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის ჯგუფის მიერ მოზმადებული პროექტის ავტორები არიან მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი, გვენდოლინ დელბოსი-კორფილდი, რასმუს ანდრესენი, ფრანსისკო გერეირო, ჰანა ნოიმანი, ტინეკე სტრიკი, იგნაციო კორაო და ბრონის როპე.

აღნიშნული პროექტი, ასევე, გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების მზარდ შეზღუდვებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიის მუშაკებისა და მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა; აღნიშნავს რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მოწოდებას ნიკოლოზ გვარამიას ნასამართლობის გადახედვის შესახებ. რეზოლუციის ავტორები მოელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას უცხო რეჟიმებისგან თავშეფარებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ასევე, მოუწოდებს აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმის გამოძიებისკენ.

რეზოლუციის პროექტში არაფერია ნათქვამი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

პროექტი №3
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე, არაფერს ამბობს „ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპელ სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფის რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორები პედრო მარკესი, ანდრეა კოზოლინო და სვენ მიქსერი არიან.

რეზოლუცია აღიარებს საქართველოს მყარ საკანონმდებლო ბაზას გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტირებისთვის, მაგრამ გამოხატავს შეშფოთებას 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშესახებ გაუარესების გამო.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენის ირგვლივ პოლარიზებულ საჯარო დებატებთან დაკავშირებით, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას და სასამართლო სისტემის რეფორმის გადაუდებელ აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენებისაგან მათი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ურყევად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამით ცალსახად აჩვენოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, რაც ევროკავშირში წევრობის განაცხადით გამოვლინდა.

პროექტი №4
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფის დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტით, ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, ისევე როგორც ამ კუთხით ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან ერთიან ხმას; გულწრფელად წუხს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის სფეროებში მიმდინარე უკანდახევის გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომის ფონზე, ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის და ამიტომ მხარს უჭერს სამივე მათგანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული განვითარებისადმი დემონსტრირებული ერთგულების არარსებობის მიუხედავად, რეზოლუციის ავტორები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს და ახალ ბიძგს მისცემს პოზიტიური ცვლილებებისთვის.

კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი გმობს ნიკა გვარამიას ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებულ განაჩენს და მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი სერიოზულად შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით და სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ჩეხეთს, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ პრეზიდენტობას, ზეწოლა მოახდინონ ქართული ოცნების ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება. საქართველოს პრეზიდენტს სთავაზობს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები (შეწყალება) ამ საკითხის გადასაჭრელად.

დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას როლი მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით, მიუხედავად მმართველი პარტიის მხრიდან მასზე მუდმივი თავდასხმებისა.

პროექტი №5
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შელახვის გამო, პერსონალური სანქციებს დაუქვემდებარონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, მოსამართლეები და პროკურორები, რომლებსაც შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებისკენ არიან მოწადინებული.

რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კრიტიკოსების გაჩუმება სასამართლოს გზით, რომელიც საქართველოში არ ითვლება დამოუკიდებლად, არ შეესაბამება საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მოუწოდებს ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

მიუხედავად კრიტიკული პათოსისა, EPP იმეორებს „ურყევ მხარდაჭერას“ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების საფუძველზე.

პროექტი №6
Renew Group-ი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მიანიჭოს მას ეს სტატუსი 2022 წლის ივნისში.

ამასთან, ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გმობს მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი არხის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, გამოთქვამს შეშფოთებას სხვა ორი კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელებთან და მენეჯერებთან, კერძოდ, დავით კეზერაშვილთან და ვახტანგ წერეთელთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით; პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პოლიტიკური ვენდეტის სახით პატიმრობის გამო და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;

რეზოლუცია მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ძალებს, დაძლიონ ის პოლიტიკური განხეთქილება, რომელიც ხელს უშლის ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის ნების რეალიზებას.
წყარო: “ნეტგაზეთი”

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა