საქართველოში საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში დადებითი პირველად გახდა

საქართველოში საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში დადებითი პირველად გახდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება.

ბანკის ცნობით, 2018 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პროფიციტული გახდა და 11.9 მილიონი დოლარი (30.1 მილიონი ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. დადებითი სტატისტიკის მთავარი მიზეზი ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებია.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მესამე კვარტალში წლიურად 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიარდი აშშ დოლარი (2.5 მილიარდი ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 22.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მესამე კვარტალში დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში მომსახურების ექსპორტი, წლიურად 9.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.7 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს ტურისტული მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და მესამე კვარტალში 1.2 მილიარდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.2 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის მესამე კვარტალში 345.5 მილიონი აშშ დოლარს (873.9 მლნ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო – შემცირებული.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 262.5 მილიონი აშშ დოლარი (663.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.3 პროცენტია.

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების სექტორებში განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ სამი ქალი მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიასესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება