საქართველოში დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს გერმანიაში გამგზავრების გარეშე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაიტარონ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა და მიიღონ კონსულტაცია.

„დღეს ჩვენ როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე საქართველოს მედიცინისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე. ეს სიახლე შეეხება „დოიჩე დიაგნოსტიკურ ცენტრ რუმის“ გახსნას საქართველოში, რომელსაც სათავეში უდგას და რომლის ინიციატორი არის ქართველი ემიგრანტი, პროფესორი გიორგი გრიგოლია. ეს ნამდვილად არის ძალიან სასიკეთო პროექტი, რომელიც საქართველოს მედიცინას, ქართველ ექიმებს აიყვანს გერმანულ ხარისხზე და ჩვენი პაციენტებისთვის გახდება იმის შესაძლებლობა, რომ შორს გამგზავრების გარეშე მიიღონ ძალიან მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა, ასევე მიიღონ სხვადასხვა დარგის ექიმების კონსულტაციები. არის მრავლობითი, სხვადასხვა სახის ინიციატივა, რომელსაც სახელმწიფო რა თქმა უნდა, მიესალმება. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ გერმანული დიაგნოსტიკის ცენტრი ბუდეს დაიდებს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში, რომელიც ყოველივე ამის ბაზა იქნება და სახელმწიფო იძლევა იმის გარანტიას, რომ მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ როგორც კერძო სექტორს, ასევე ჩვენს ექიმებს და პაციენტებს ეს საყოველთაო სიკეთე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ჰქონდეს. ჩვენ ამ ინიციატივას მივესალმებით”,-განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება, მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს
შემდეგი სტატიაპოეტი დათო მაღრაძე რომის პაპს შეხვდა