საქართველოსა და ლიტვის მარეგულირებელ ორგანოებსა და ორივე ქვეყნის მობილურ ოპერატორებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ და ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ფელიქსას დობროვოლსკისმა, საქართველოსა და ლიტვას შორის საერთაშორისო როუმინგული მომსახურების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გაიმართა.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობაზე მზაობა ხელმოწერით უკვე დაადასტურეს ლიტვის მობილურმა ოპერატორებმა – „ბიტე ლიეტუვამ“, „ომნიტელმა“ და „ტელე2“-მა; საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი, ასევე, მოაწერეს მობილურმა ოპერატორებმა: „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა გულისხმობს ორი ქვეყნის მობილური ოპერატორების მომხმარებლებს შორის შემომავალ და გამავალ ზარებზე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებასა და როუმინგში მობილურ ინტერნეტზე ტარიფების თანდათანობით შემცირებას, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს N531/2012 რეგულაციის შესაბამისად.

საქართველოსა და ლიტვას შორის საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის ქვეყნების საერთაშორისო როუმინგის ერთიან სივრცეში საქართველოს გაერთიანებისაკენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი აპირებს განაგრძოს ცხინვალის დახმარება
შემდეგი სტატიაივანიშვილს და მის გუნდს არაფერი აქვს სათქმელი არც აწმყოზე, არც მომავალზე – გაბაშვილი პროკურატურის განცხადებაზე