საქართველოს პრეზიდენტმა, ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომ ნატო-ს გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომ ნატო-ს გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა. გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ „ეს არის ჩვეულებრივი რუსული ხაზი.“

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მისი მეზობლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რუსეთში ეს აღიქმება პროვოკაციად და საფრთხედ და ეს ღიმილის მომგვრელია“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ რენდ პოლს არ შეხვედრია, მაგრამ კენტუკის სენატორს საქართველოში იწვევს, „რომ ნახოს, რა გვაქვს სათქმელი.“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს შეუძლია, ხელი შეუწყოს დესტაბილიზაციას საქართველოსა და მოლდოვაში მაშინ, როცა ის უკრაინაში იბრძვის და მოუწოდა ვაშინგტონს და ევროპელ მოკავშირეებს, უფრო ხმამაღლა გამოიჩინონ მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ დროს ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ხდება ორივე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია…რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სენატორმა რენდ პოლმა სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ მოსმენაზე გააკრიტიკა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მისწრაფებების მიმართ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს კვეთს პუტინის მიერ დასახულ წითელ ხაზს. მოსაზრება, უარყო ბლინკენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების უფლებას, გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. რენდ პოლმა განაცხადა, რომ არ ამართლებს რუსეთის შეჭრას მეზობლების ტერიტორიაზე და რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე თავდასხმის ნიმუში. რენდ პოლის თქმით, რუსეთის შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოლდოვასა და საქართველოში იმიტომ მოხდა, რომ „ისინი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ 1920-იანი წლებიდან“. ბლინკენმა უარყო პოლის წინადადება და თქვა: „ამ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ბედი.“

banner
წინა სტატიაშირუსეთი თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ ნათლად ავლენს – კულება კიევზე შეტევაზე
შემდეგი სტატიასაქართველოზე უკეთ ცოტა თუ ხვდება იმ რეალობას, რაც უკრაინაშია, საქართველომ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, მიიღო დამანგრეველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – კლევერლი